იანვარი, 2022

ნეტავ რამდენი ხანია რაც ვცეკვავ, ალბათ 20 წუთი-მეთქი. მეცოტავა ასე მალე შეწყვეტა, არადა, ვგრძნობ სხეულს აღარ უნდა, გონებასაც ათას რამეზე ეფიქრება, აი, გულს კი ისედაც რას გაუგებ! მაინცდამაინც სანაძლეო ხომ არ მაქვს დადებული ხანგრძლივად ცეკვაზე, წეღადნ მეგონა 2 საათს არ შევჩერდებოდი, ახლა კი აღარ მინდა და მორჩა-მეთქი. ჰოდა, პავლიკოს მივაკითხე და წლის პირველი დღურის წერა დავიწყე.

კუბური სალსები კვლავ ტკბილად იღვრება და ჯერაც მაბედნიერებს, როგორ ენერგიულად და ხალისიანად „ვცეკვავდი“ მომავალი პარასკევის ლათინო საღამოზე, ისევ ვგრძნობ მეწყვილის „ღიმილსაც“. ეგ კი არა, რადენიმე წუთს წინ ორი სალსის მერე ბაჩატაზე მარტო დავრჩი რატომღაც და აქეთ-იქით ვიყურებოდი, სად გაქრა ის ხალხი, წეღან აღტაცებით რომ შემომცქეროდნენ-მეთქი. ამ ფაქტით ჩემსავით გაკვირვებული ერთი ყმაწვილი გამომეცხადა და მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯერ დაღლილად არ ვგრძნობდი, მაინც მომეწონა, მშვიდად, წყნარად ცეკვა.

განა ცოტა ხნის წინ არ ვიძახდი: “დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო (ჯ. როულინგი)”. მაგრამ ეს ხომ ოცნება კი არა, რეპეტიცია უფროა. ყველაფერი, რაც ლოგინიდან, სკამიდან თუ იატაკიდან წამოგაგდებს და ხელ-ფეხს აგატოკენებს, ოცნება არა, ცხოვრებაა. ჩემი ცხოვრება კი ასეთია: ხან რეალურ ამბებში და რეალურ ხალხში გარეული, უმეტეს წილად კი მათ მიღმა, ჩემს ვიწრო სამყაროში გამომწყვდეული. ორივე ძალიან მიყვარს!

ცეკვა ხომ საკმარისი არასდროს არის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ერთი კვირის წინ ვიყავი ცეკვის საღამოზე, ყველა „ლაივი“ სტუდიებიდან თუ ბარებიდან ნემსებივით მჩხვლეტს. მით უფრო მაშინ, ლამაზ-ლამაზად მოცეკვავე გოგონებს რომ შევხედავ. საკუთარი თავისთვის ნუგეშის ცემას ვიწყებ, ისინი კვირაში რამდენიმე დღე ცეკვავენ! მაგრამ ნუგეში კი არა, პირიქით გამომდის. ანუ მეტად ვიბოღები, რა!

მაგრამ თვალს რომ მოუჭუტავ და მაინცდამაინც აღარ დააშტერდები, მერე უკეთესად ხედავ ზოგიერთ რამეს. მეც ასე გავიფქრე რამდენიმე დღის წინ რომ, კი, ჩემი და მათი ცხოვრება განსხვავდება, მე ზოგჯერ თუ თვეში სამჯერ, ზოგჯერ რამდენიმე თვეში ერთხელ ჩავქროლდები თბილისში, წავიცეკვებ და ისევ ჩემს მიყრუებულ მხარეში ვბრუნდები. ვტოვებ სალსა-ბაჩატას ჰანგებს, ცეკვის ფეხსაცმლის ჩუმ კაკუნს, ღიმელებს, სიმსუბუქეებს ამ გოგოებისგან ხელის გაწვდენაზე და თვითონ ტყეს და ხევს, ბიბის, წერას, ხატვას, ჩემს სათამაშოებს და თუ დრო შემომრჩა, კიდევ სხვა ბევრ სიფერადეს (სამსახხური ხომ ვიღას უკვირს ამ დროში!) ვუბრუნდები. მართალია, შიგადაშიგ რაღაცებს ვეღარ ვუდებ გულს, რომლის ნაწილიც ასე 150 კილომეტრს იქით დავტოვე, მაგრამ…

განა სევდიანია ეს ყველაფერი?

აბა წარმოიდგინე, ლიკ: ოთხი კედელი, რომლის შიგნითაც ლამაზი მელოდიები იღვრება. სხვადასხვა სქესის, ასაკის, ცხოვრების, პროფესიის, ინტერესების ადამინები ირჩევენ პარტნიორებს, ცვლიან, ცეკვავენ… ზოგმა სამსახურიდან მოირბინა, ზოგმა სახლიდან. როგორც წესი, ეს მათი ყოვლედღიურობაა. ახლა პარასკევია? ზეგაც არის ლათნო საღმო, ოთხშაბათსაც, მერე ისევ პარასკევს… გაკვეთილები ხომ სულ არის და არის! მაგრამ მერე კარი იხსნება და 44-კილოიანი გოგო შემოდის, ტყე და საყვარელი ველო რომ მიატოვა და რამდენიმე კილომეტრის იქიდან ეწყება ხელების გაოფლიანება, ნატრობს, რომ ბევრი ცეკვა მოასწროს. დიდ ზურგჩანთაში რომელიმე მონატრებული კაბა უდევს, სხვაგან რომ ვერსად იცვამს. ან ამჟამად მეტად თავისუფლად ცეკვა აქვს გადაწყვეტილი ელასტიკი ან ვიწრო შარვალის ჩაცმა გადაუწყვეტია, შეიძლება ტოპისაც, ლამაზი მუცელით რომ გაიხაროს. საშუალოდ გრძელი თმის ბოლოებზე მოწითალო ფერი დაკრავს. როგორც წესი, არასდროს სჭირდება ერთი სიმღერის დრო, ტანსაცმელი რომ გამოიცვალოს და კონკიასავით მორბის პრინცის არა, მაგრამ ვინმე მოცეკვავის მოსაძებანად, დარბაზში შეჩერდება და მოთმინებით ვერა და მოუსვენრად ელოდება მეწყვილის გამჩენას, სანამ უკვე მერამდენჯერ მოშინაურდება. რა ქნას, ყველა წუთი ეძვირფასება და ყველა ნაბიჯი უხარია!

8 იანვარი, 2022. შაბათი. ბოდბე