წერილები თოვლის პაპას

გეგონა არ მოგწერდი?​

 

და, აი, როგორც იქნა გესალმები, ტკბილო მოხუცო. ალბათ უკვე გამოძინება და განტვირთვაც მოასწარი და იქნებ ჩემი წერილის მიუღებლობაც შეამჩნიე… ახალი ნაავადმყოფარივით ვარ, ხან მოთენთილი, ხან აჟიტირებული და შენთვის წერილის მოსაწერად კაი მდგომარეობა არცერთი არაა. მაგრამ შენთვის მოწერა ისე მიყვარს, ჩემს თავს ამაზე უარს ვერ ვეტყვი.

საერთოდაც, ხელ-გულგაშლილო, ვერ და აღარ ვეუბნები ხოლმე უარს საკუთარ თავს იმ რაღაცებზე, რისი დროც თითქოს არაა. ყველაფრის დრო მაშინაა, როცა გინდა, მერე ყველაფერი ფერკმრთალი ხდება.

ჰოდა, ამასობაში დამავიწყდა, რაზე ლაპარაკი მინდოდა შენთან.

იცი, „სეკრეტ სანტას“ ქუდი დავკარგე… თბილი, ღუნღულა და ლამაზი… იმედი მაქვს, მარშუტკაში დამრჩა და ვიპოვნი..

ჩემს დაბადების დღეზე დღიურში ჩამიწერია: „საშინლად მინდა ცეკვა! ვინმე ისეთთან ერთად, ვისთანაც ბაჩატას თვალდახუჭული, სალსას კი ყურებამდე გაღიმებული იცეკვებ…“ თურმე იმისთვის რომ თვალდახუჭულმა ან ყურებამდე გაღიმებულმა იცეკვო, სულაც არ ყოფილა ვინმე განსაკუთრებული ადამიანი საჭირო. ანდა ყოფილა, ოღონდ ეს ადამიანი შენ ხარ. ცოტაოდენი თავდაჯერებულობა და უამრავ ადამიანს შეგიძლია ეცეკვო ასე. ეგ კი არა და, კიზომბას ცეკვას თუ მთხოვს ვინმე, მასაც აღარ ვეუბნები, რომ კარგად არ ვიცი და არ ვუშვებ მას ზრდილობიანად გაღიმებულს, მე კი ცხვირჩამოშვებული აღარ ვრჩები.

ასე, ცოტა შემომეყოლა წლის დასასრულზე, ცეკვებითა და ადამიანებით აფერადებულ ბოლო სამ თვეზე, გამომზეურებულ საყვარელ კაბებზე, დაუსრულებელ ენდორფინებზე… პეპელა სამი დღე დაფარფატებს, მე კი სამი თვე ვიფრიალე ცეკვის საღამოებზე, „Last Party“-ის წინა დღეს გონებაც დავკარგე და ვთქვი, პაუზას ავიღებ-მეთქი. შენც არ მომიკვდე, ახალი წლის მეორე დღეს ისევ შევხვტი ჯუდას მანქანაში და თბილისისკენ გავქროლდი…

სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ის ახალი უნარია, რომლითაც განსაკუთრებულად ვამაყობ! მომავალ წელს კიდევ ერთი ახალი უნარით უნდა შევხვდე: უფრო ადაპტური უნდა გავხდე ახალი სიტუაციების მიმართ. ჰოდა, ისევ „ბედობას“, მას შემდეგ რაც მეორე ფართიზე არ გაყევი ჩვენს სტუდიელებს, შუა რუსთაველზე შევჩერდი და ჩემს თავს ვკითხე: „რატომ დღეს არა?“ პასუხს აღარ დავლოდებივარ და ლამის გავიქეცი ადგილისკენ, სად წასვლისაც თითქმის მეშინოდა. არ მოვმკდარვარ, არც რამე სამწუხარო დამმართნია, ვიცეკვე საკმარისად ბევრი, ვიღიმე და წამოვედი…

ბიბიზე, ღმერთო ჩემო, ბიბიზე სიტყვა არ მითქვმს ჯერ! ბიბი, უფრო ზუსტად ბიბი II, იგივე ფითქო, 21 თებერვალს მოვიდა სახლში. მას შემდეგ უამრავი კარგი რამ გადაგვხდა თავს, დავდივართ და დავდივართ… ყვარელი-წინანდალშიც კი ვიყავით. მართლა, მართლა! დაახლოებით 160 კილომეტრი დავფარეთ ოთხ დღეში.

შარშან ვწერდი, 2021 მინდა თავგადასვალებისა და ბედნიერების წელი იყოს-მეთქი. თავგადასავლებზე ცოტა მოგიყევი. ამას დავუმატოთ სკოლებში ვიზიტების შემდეგ წაწანწალებები ხორნაბუჯზე, არწივის ხეობაში, ხირსის მონასტერში, თელაში და ა.შ. კიდევ პირველი სოკოზე წასვლა ჩემი და ბიბის ახალ მეგობართან ერთად, ტყეში ხშირად ხეტიალი, ბათუმში ბიბისთნ ერთად სეირნობა, შესანიშნავი დაბადების დღე თელავში, შავ კლდეებზე ლაშქრობა (აი, რომელი ნომრალური მიასკდებოდა პირდაპირ შავ კლდეებს, მაგრამ არ მაქვს ნორმალურობის ამბიცია)…

კიდევ მოგიყვებოდი ცოტა მეტს, შენი მისამართი რომ ვიცოდე და წერილის მოწოდება საჯარო პოსტით არ მიწევდეს. შენ კი ჯიუტად ისევ ზრდასრულებში მთვლი და ალბათ თუ ფიქრობ, რომ ვერ შევინახავ საიდუმლოდ. შესაძლოა, არ გინდა გამონაკლისის დაშვება, რომ მიკერძოებულობა არ გამოგივიდეს. It’s Ok.

რაც შეეხება წარმატებებს… სულ ორის გახსენება შემიძლია: გრაფიკულის დიზაინის პირველ კონკურსში გამარჯვება (ჩემი ორი სუფრის დიზაინმა გაიმარჯვა, იბეჭდება და იყიდება) და საგრანტო კონკურსში გამარჯვება (მართალია ეს პირადი წარმატება არაა, ჩემი ორგანიზაციის წარმატებაა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო). ერთერთ გრაფიკული დიზაინის კონკურსში ფინალისტებში მოვხვდი, ესეც ძალიან მიხარია…

თუმცა ყველაზე დიდი წარმატება მაინც ის მგონია, საკუთარ იდეალურ მეს რომ უახლოვდები, ახლოს რომ მიდიხარ თავისუფლებასთან. და ამ მხირივ, ოჰ, როგორი წარმატებული წელი მქონდა!

წლის გეგმის უამრავი პუნქტი დამრჩა შესასრულებელი: სახლის ყიდვა, საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასვლა, ინგლისურის გაუმჯობესება და ა.შ. მაგრამ ეს წელი კმაყოფილმა და ბედნიერმა დავასრულე, ახალი გეგმებით და ოცნებებით სავსემ. მართალია, ცოტა ქაოისიაცაა ჩემს ტვინში, მაგრამ ძილს მოვიწესრიგებ და მერე მაგასაც მოევლება. თუ არა და, იყოს ცოტა ხანს ასე, რა უჭირს!

იმედი მაქვს, ცოტა გაგამხიარულე.

წავედი ახლა, ჯიგრის ყაურმის სუნი მომდის და კუჭი მეწვის, მერე კიდე სალსას ცეკვა მინდა. თუ არ დაგეზარება, ჩამოყევი ჩემს პროფილს და ჩემი ვიდეოები ნახე.

ისევ არ ვიცი, რას მეძახი, როგორ მანსხვავებ ჩემი სეხნიებისგან, ამიტომ წერილს უბრალოდ ჩემს სახელს ვაწერ ქვეშ.

 
ლიკა
06.01.2022.
ბოდბე

გამარჯობა, ლოყებღაჟღაჟა მოხუცო.​

 
აბა, როგორ ხარ? მორჩი საჩუქრების დარიგებას და ისვენებ, ალბათ… ყველა სახლში შეხვედი თუ კურიერებს იხმარებდი? პირბადეს იცვლიდი, იმედია, ხშირად და ანტისეპტიკიც გექნებოდა. შენ რომ ყოჩაღი ხარ, ვიცი, სხვების უსაფრთხოებისთვის…
  ბოდიში, რომ ვერ მოგწერე შარშან. მერე, მერე-მეთქი და… (არც მინდა გაფიქრება, რომ ვერ შეამჩნიე სხვების წერილების კითხვასა და საჩუქრებზე ფიქრში ჩემი მოუწერელი წერილი).
მოგიყვებოდი იმ ამბებსაც, რაც შარშან უნდა მომეწერა, მაგრამ ახლა გუგლ დოკში ვწერ და ყოველი წინადადების პირველ სიტყვას მიმსხვილებს, მერე გადაკეთება მიწევს…
  აი, წავუწუწუნე უკვე. როგორც ჩანს, მართლა წუწუნა ვარ ცოტა. შევიტან 2021-ის გეგმებში ამის გამოსწორებას…
ალბათ ბევრი გეწუწუნა საშინელ 2020-ზე. მე ამას არ ვაპირებ. იმიტომ კი არა, რომ უკვე დავიწყე, გამოსწორება. არა, უბრალოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წლით. მართალია, რაღაც-რაღაც სანერვიულოები იყო (დედას ოპერაცია, შემცირებული შემოსავლები რამდენიმე თვის განმავლობაში, ბოლოს კორონა ოჯახში…), მაგრამ კმაყოფილი ვარ ფრიად.
  ბევრი კარგი რამ იყო.
  დავიწყოთ იმით, რომ საკუთარ თავს კარგი დაბადების დღე ვაჩუქე.
  შემდეგ საყოველთაო კარანტინმა მომისწრო სულზე. ამდენი ხნით სოფელში ყოფნა… მიწაში ჩიჩქვნა… პიანინო…
  თუმცა, რაც გასულ წელს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს, ახალი ცოდნა-უნარები და სპორტია. მმ, ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, ერთ წელში ამდენი ახალი რამ მომესინჯოს:
  დავდექი თხილამურებზე – რა თქმა უნდა, ინსტრუქტორის გარეშე და წარმატებით.
  მოვსინჯე ციგურები – ციგურების გამქირავებელი ქალი ეჭვის თვალით მიყურებდა, ინსტრუქტორის გარეშე როგორ გაგატანო, თუ არ იციო. მოვატყუე, რომ როლიკებს ვხმარობდი. ჯანმრთელიც გადავრჩი და სრიალიც დავიწყე, დროც კი დავამატე და დავტოვე ის ქალი გაფართოებული თვალებით.
  გრაფიკული დიზაინის სწავლა დავიწყე – მართალია, ფოტოშოპი დიდად ვერ ჩამივარდა გულში, მაგრამ ილუსტრატოზე ვარ შეყვარებული. ისე შევედი აზარტში, რომ:
  ვორდპრესსაც გავუსინჯე გემო – ერთი კუსკუსა, ყვითელ-მწვანე საიტიც გავაკეთე სავარჯიშოების (ამასაც ვაკეთებ) ასატვირთად.
  სირბილი დავიწყე – სულ ტყუილად ვფიქრობდი, რომ მოსაწყენი რამეა. პირიქით აღმოჩნდა. რაღაც ისეთი ემოცია აქვს, არაფერს რომ ჰგავს სხვას.
  როლიკებითაც დავდივარ უკვე – ათი თვე დამაგვიანდა, რომ არ მომეტყუებინა ციგურების ქალი.
  კალათბურთის თამაში დავიწყე – ამასაც, არ ვიცი, რატომ ვუყურებდი ეჭვის თვალით. არა, ამას, ალბათ, კალათბურთის თამაში არ ჰქვია, ბურთს ვისვრი უბრალოდ კალათში (ჰო, ერთხელ ვითამაშე სხვებთან ერთად, უცხოებთან. ჰოდა, რომ დავფიქრდი, შევნიშნე, სულ არ ცხოვრობს ამ ქალაქში აბეზარი ხალხი. შეგიძლია უცნობებს პასუხი გასცე და გამოელაპარაკო კიდეც). საუკეთესო, რაც ამ სპორტს აქვს ისაა, რომ ყოველ წამს გახსენებს, როგორი მნიშვნელოვანია განწყობა და საკუთარი ძალების რწმენა. განმტკიცებაც მყისიერია.
  კიდევ იყო სოც. მედია მენეჯმენტები, ციფრული მარკეტინგი და რაღაც ეგეთები…
  მისამართს თუ მომწერ, ჩემს გაკეთებულ სათამაშოებსაც გამოგიგზავნი.
  უი, ახალი სამსახურიც მაქვს. ჩემს სმენელებს მოვწონვარ (როგორც მეუბნებიან).
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, საბოლოოდ რომ აღარ მეშინია თანამედროვე მწერლობის (ახლა ძველების შიში ავიკიდე ოღონდ).
  ჰოდა, რატომ გაწონებ ახალა თავს, თანაც საჩუქრებდარიგებულზე…
  საჩუქრები არ მინდა (გახსოვს ალბათ, დიდი ხანია არაფერი მითხოვია). საერთოდ, ისეთ რაღაცებს ვნატრობ ახალი წლისთვის, რისი ყიდვაც შემიძლია საკუთარი თავისთვის, სხვა დანარჩენის საყიდლად კი მუშაობას განვაგრძობ.
  მომწონს, რომ გწერ.
  კაი, ჰო, გეპრანჭები კიდეც. მინდა, რომ მოგწონდე, რატომაც არა!
  მაინც როგორია, ნეტა, წელიწადში ერთხელ რომ ახსენდები ყველას?!
შენ რას აპირებ წელს? მე ველოსიპედის ყიდვას, ინგლისურის გაუმჯობესებას, პასპორტის აღებას, საწარმოს დარეგისტრირებას, მოგზაურობას შეძლებისდაგვარად, კუბიკების დაყენებას მუცელზე (კონტურები კი მოიხაზა უკვე), ხიდზე გადასვლას, შპაგატზე ჩაჯდომას, სხვა გამოწვევებისთვის მზაობას (ცხადია). ცოტა პირადულსაც დავიტოვებ…
  თავს გაუფრთხილდი, ლიმონი არ მოიკლო. ან ჭაჭა (ან მომწერე მისამართი).
  წერილს ისევ სოციალური ქსელებით გაწვდი. #თოვლის_პაპა 
 
       
ლიკა
01.01.2021.
ლაგოდეხი

ბედობა მშვიდობისა, თოვლის პაპა.

 
  გამოიძინე? ყინვები კი დაგემთხვა და, სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაგიჭირდებოდა საჩუქრების დარიგება. ნუ შეჭმუხნი შუბლს, რაღა დროს წერილია, ასეთი არაპუნქტუალურობა რა უბედურებააო. ძალიან დაღლილი ვიყავი და შენთვის ჰაიჰარად მოწერას არ ვარ ჩვეული. თან საჩუქრის თხოვნას არც ვაპირებდი. წინა ორ წერილში რომ გთხოვდი, იქნებ მიდგე-მოდგე-მეთქი, ეგ წინაასაახალწლოდ ნაწილობრივ ახდა. ახლაც მხოლოდ იმას გთხოვ, იქნებ ცოტა დააჩქარებინო მოსახდენი. ნუ, ამ შემთხვევაში, ცოტაც ბევრი როა, ეგ ხო იცი?! მომავალ წელს აუცილებლად შეგაწუხებთ სხვა სურვილებით, გუდაში რომ იდება ისეთით. შარშანდელი სურვილებიდან კი არ შეგისრულებია ისე არაფერი და რა ხდება, ბავშვი აღარ ვარ თუ…. თუმცა წლის მიწურულს იქიდან ერთ კი შემისრულა secret santa-მ. იცი ეგ? იმიტომ გეკითხები, რომ არ ვიცი, როგორ დამკიდებულება გაქვს facebook-თან, ელფებმა კიდე იქნებ დაგიმალეს. საყოველთაო secret santa-ობა მოეწყო, საიტზე რეგისტრირდებოდი და ვინც შეგხვდებოდა, შენ იქნებოდი იმის სანტა და ვისაც შენ შეხვდებოდი, ის იქნებოდა შენი სანტა. ჰოდა, ჩემმა სანტამ ველოსიპედის ბოქლომი გამომიგზავნა, თანაც ბიბისფერი. ჩვენც (ხაზს ვუსმევ!) გავაგზავნეთ.
  ჩემს წელზე მინდოდა მომეყოლა, ხომ უნდა იცოდე, იფიქრო თუ არა ჩემი სურვილის შესრულებაზე:
კარგი წელი იყო, ახალი სამსახური… მერე მეორე ახალი სამსახური… თოვლის პაპა, შენ ხომ იცი, რა კარგები არიან ბავშვები?! ჰოდა, დიდი ფუფუნებაა, შენს თვალსა და ხელს შუა რომ სწავლობდნენ და იზრდებოდნენ. მარა, კი დავიღალე ძალიან, ახლაც ძლივს ვაკაკუნებ კლავიატურაზე თითებს. პირობა რომ მქონდა დადებული, სამაგისტროს დავიცავ და ამის მეტად ასეთი დატვირთული აღარ ვიქნები არასოდეს, თუ გაუსაძლისად არ მჭირდებოდა ფული-მეთქი, ვერ შევასრულე. თუმცა პირობის ასე არშესრულებას არა უშავს, ხო? მთვარია სხვა პირობები შევასრულო. შენ რას იტყვი?
  კიდევ, გული ვიჯერე და ტელევიზიები ავატალახე და უმეტსად თავს არ ვირცხვენდი, შენ ალბათ კარგად ვერ გამიგებ, რა გრძნობაა კამარების წინ პრანჭვა, ისე ჩუმად დაიპარები ბუხრებიდან და ფანჯრებიდან.
ფსიქოლოგიის გვერდიც გავაკეთე facebook-ზე და ნელნელა იკრებს მოწონებებს. წელს ალბათ იმ ძირითად საქმეზეც დავიწყებ ზრუნვას, რისი საძირკველიც არის ეს. ჩვენს საიტსაც უფრო აქტიურად მივხედავთ მე და ჯუდა.
  პრინციპულობის და სამართლიანობის გზაზე სიარულიც შედარებით განმტკიებული ნაბიჯებით დავიწყე და პირობას გაძლევ, ბოლოსდაბოლოს გავხდები ძლიერი გოგო!
  კიდევ რა მინდა გთხოვო, იქნებ შობას, ან ძველით ახალ წელს, ან დაბადების დღეზე ლილი ბაბოსთან მიხვიდე. პირველი წელია მისთვის იმ ქვეყნად ყოფნის და არ გაუჭირდეს, იქნებ ცოტა გაახალისო. დაჯექი და რამე მოაყოლე, ხო იცი, როგორ უყვარს ლაპარაკი! მეც დამავიწყდა მისთვის საჩუქრის ყიდვა (სახლში ყველას ვუყიდე, არადა, ჩემი თავის ჩათვლით). გადაეცი, რომ ყველანი კარგად ვართ, რომ ცოტნემ მოუმატა ბუტბუტს.
  კარგი ახლა, მე კი მინდა, რომ წერა დამებედოს, მაგრამ აღარ შეგაწყენ თავს.
  ჰო, ისიც უნდა გითხრა, სალამურის დაკვრის სწავლა რომ დავიწყე! ხომ იცი, რატომ მიყვარს სალამური განსაკუთრებით?! ნამდვილი მისწრებაა უხმოებისთვის, თუ უკრავ, ვერ იმღერებ ვერანაირად, ყელიდან კიდე მაინც უშვებ, რაც რამ გაქვს ამოსაღერღი!
  მომავალ წლამდე.
 
 
2 იანვარი, 2017

საყვარელო თოვლის პაპავ!

 
გუშინ ხის წებო რომ გთხოვე, უკვე მიყიდა “ჯუდა პაპამ”. ჰოდა, ახლა სხვა რამე მოვიფიქროთ. რაც ყველაზე მეტად მინდა, ეგ რომ საჩუქრის ყუთში არ იდება, იცი. თუ შეგიძლია, რომ ცოტა მიდგე-მოდგე, სხვა ამბავია. ძალიან გამახარებ და საჩუქრის საყიდელ ფულსაც დაზოგავ. ისე, ალბათ არ გეტყოდნენ შენ თხოვნაზე უარს, თუმცა რა ვიცი, ზოგს აღარც ახსოვს, ბავშვი რომ იყო… მოკლედ, თუ ვერ შეძელი, შობის ღამეს ჩავფიქრებ ისევ. სხვა საჩუქარს რაც შეეხება, ძალიან მინდა კედელზე დასაკიდი თარო (არასტანდარტული, ჩემს ლეპტოპში შეგიძლია ნახო სურათი), სავარჯიშო ბურთი, იისფერი ბოტასები (ადიდასის), ფინჯანი-ქოთანი, ელ. ღუმელი, საკერავი მანქანა, სამზარეულოს მოწყობილობები, დიიდი სარკე (მთლიანად რომ ვჩანდე), ველოსიპედის ბოქლომი და ორქიდეა (რომელიმე ფერის). ნუ გადაისვამ ახლა ჭაღარაზე ხელს შეცბუნებული, ამ ყველაფერს არ გთხოვ, თვითონ ამოირჩიე, რომელსაც შეძლებ. გაითვალისწინე, რომ წითელი მაგისტრი გავხდი წელს, ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ნაკლებ ხელფასს დავჯერდი და უკეთესი დიასახლისიც რომ გავხდი. საერთოდაც, შესანიშნავად ვიქცევი (გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ ამას). და ყველაზე მთავარი! მხოლოდ ფარდის დაკიდებისთვის ვიმსახურებ საჩუქარს, ეს ჩემი ყველაზე გმირული საქციელია. ახლა მეორეს სანამ დავკიდებ, ვისვენებ და ამან გადამაწყვეტინა წერილის მოწერა. სახლში არ ვიქნები, სოფელში მივდივარ. ე. წ. “ფორთოჩკას” ღიას ვტოვებ, საჩუქარი მაგ ფარდასთან დატოვე, ეგ განსაკუთრებულად ცუდი დასაკიდია. შეგიძლია აბაზანაში შეიარო, წელს უფრო იბდღვრიალებს. მაცივარს ნუ გამოხსნი, არაფერი არ დაგხვდება, სიგრილე კიდევ არც ისე გაკლია. სოფელში ჩამოსვლა არ დაგავიწყდეს, ცოტნემ იქნებ შენს დანახვაზე მაინც დაიწყოს ლაპარაკი.
  მიყვარხარ, მერე რა, რომ არ არსებობ.
  პ.ს. ძალიან გაუფრთხილებლად ნუ მოხვალ სოფელში, სმენა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვირუსზე დამიქვეითდა, მგონი მიბრუნდება ისევ და გავიგებ.
  შენი… მმმმმმ, არ ვიცი, როგორ მეძახი, ალბათ ლიკა.
 
 
2015 წელი