სოფელს, სადაც გაიზარდე, ბავშვობის მძიმე ბორკილები ადევს. ამიტომ აქ ვერ იქნები ის, ვინც ამჟამად ხარ… მაგრამ მცირე “შატალოები” (დირექციასთან შეთანხმებით) მოსულა.
ჰოდა, გუშინ საღამოს ასეთ შატალოზე გავიპარე…
მივეჩვიე, რომ ყველგან დავწანწალებ ჩემი სოფლის გარდა, შევიბუდები სახლში და მხოლოდ წყლის მოსატანად გავდივარ ეზოს გარეთ. მეგობართან წასვლასაც მაქსიმალურად ვირიდებ ხოლმე. ახლა კი მინდორში გასეირნების სურვილმა ამიტაცა და “დირექციას” (დედას) ვუთხარი. ჩემდა გასაოცრად, არ შეუცხადებია, არც წაუწუწუნია. იქნებ მართლა შეეჩვივნენ ჩემს ქცევებს-მეთქი და ნაცნობი ორღობით ჩვენი ბაღჩისკენ გავეშურე….
ერთი შეხედვით, ამ შემაღლებულიდან იგივე ხედია და ცხოვრების ნახევარზე მეტს ვიფერთხავ. ოღონდ ეს სიმსუბუქეს არ ნიშნავს. წლების გაქრობასთან ერთად ყველა ბრძოლის შედეგიც ქრება. და, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ამწე გდია აქვე, აღარც “ცისტენა”, სადაც ბავშვობაში მე და ერთი ბიჭი ჩაგვკეტეს, ეკლესიასაც ახალაშენებული (თუ ძველაშენებული) სატრაპეზო ჩაფარებია და სანაგვეც მიწას შეზრდია, მე მაინც ნოტები მაქვს მიხუტებული მკერდზე და სამეცადინოდ მივდივარ.

ქარი ქრის…მანტოს ქსოვილი ვერ იჭერს და ბეჭების მიმართულებით აპობს თხელ ხორცებს. მაქვს ბევრი ოცნებები და ცოტა ყოველდღიურობა, დიდი გეგმები და არანაკლები ეჭვები, მინდა ვიყო მარიტასავით ან მირანდუხტივით ლამაზი და შავტეტეჩა, ავარიისგან ცხვირგამრუდებული გოგო ვარ, გმირობა მინდა და ჩემი თავისთვის ვერ მიშველია.
რაც შემიძლია გავაკეთო, ისაა, რომ “ყინვა და პატარა მოწაფეს” ვიხსენებ, ქართან ერთად სიამაყეს ვისრუტავ, მეტად ვიხუტებ ნოტებს და ქვევით ვეშვები ქართან უფრო ახლოს შესახვედრად. პიანინოზე სამეცადინოდ კვირაში ორ-სამჯერ მოვდივარ დედას მეგობართან, სანამ ბოლო, მეშვიდე კლასში ჩემსას მიყიდიან. მეტჯერაც უნდა მოვდიოდე, მაგრამ ვერ ვარ იმ მოწაფესავით ბეჯითი, “ჭრიჭინობელა პატარასავით” ხტუნაობა უკეთ გამომდის.
ასეთი აღმაფრენები იშვიათია, ძირითადად კი პატარა სიკეთეებს ვაგროვებ ცხოვრებისგან და ჩემი თავისგან. ისინი იმდენად პატარებია, რომ ცოტა ხანს მიმყვება, მაგრამ ვადაგასულ ამბებსაც უმრავჯერ ვატრიალებ, როგორც ფირებს მამას ფირსაკრავზე (ესეც ერთერთი სიკეთე). ალბათ ამიტომ თუ მეგონა, რომ კარგი მეხსიერება მქონდა.
უკვე ბაღჩებს შორის მიმავალი ვფიქრობ იმაზე, ვინც ახლა ვარ, მაგრამ… თავში არაფერი მომდის. ვიცი, რომ რაღაცები შეიცვალა, ვიცი, რომ ბევრი რამე მიკვირს ხოლმე საკუთარი თავისგან, მაგრამ ამ რაღაცებს ვერ ვიხსენებ. სხეულსაც კი ვერ აღვიქვამ განსხვავებულად და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დედას უნდა დავადგე თავზე, სახლში წამოდი, მაჭამე-მეთქი.
ბაღჩაშიც ბოსტანის მაგივრად შვრიაა დათესილი, ნუშების გარდა ჭერმებია გზის მხარეს (მაგრამ რად გინდა, ორი ცალი ძლივს ვიპოვე). შიგნით არ შევდივარ, დედამ დათესილია, ნუ შეხვალო და, სიმართლე ვთქვა, მინდა გავცდე ამ ბაღჩასაც და ჩემს ბავშვობასაც.
ყვითლად მოყვავილე ბალახებს შევერიე ყაყაჩოების გასწვრივ. “სთორებისთვის” “სელფების” გადაღების შემდეგ კი იმ ადგილებისკენ გავწიე, სადაც მარტოს მხოლოდ ჩემი ძმის საძებნად მიშვებდნენ. საღამოს პირი იყო ხოლმე ასეთ დროს, ციოდა და რამდენჯერმე მესმოდა ჩემი დაძახილი ჩემი ძმის სახელი, ვკრეფდი ფრჩხილისხელა ლოკოკინების ნიჟარებს, შემდეგ კი გაბრაზებული ვყრიდი, რადგან ძმის უპოვნელად არაფრად მარგოდნენ.
ვერ მივაღწიე იმ ადგილამდე, სადაც ექომ განსაკუთრებით მჭექარედ იცოდა გამოჯავრება და ლიანდაგებისკენ, ჩემი ბავშვობისა და ზრდასრულობის გამერთიანებელი სევდისკენ ავიღე გეზი. ვერ მივაღწიე, იმიტომ რომ ძაღლები მიყეფდნენ ზოგი ღობეს იქიდან, ზოგი ღობეს აქედან. ერთი მოზრდილი ქვა მოვიმარაგე ყოველი შემთხვევისთვის, ახლობელს, რომელიც ცხვრებს მწყემსავდა იქვე, მოვატყუე, რომ მეორე ორღობიდან (ორი ორღობის კვეთაზე ვცხოვრობ) ვაპირებდი სახლში დაბრუნებას და ქვევით დავეშვი.
100-150 მეტრი იყოს ლიანდაგებამდე, თუ ჩემს ცუდ თვალის ზომას დავუჯერებთ. ძველებური გულუბრყვილო ოპტიმიზმით მჯერა, რომ მივალ და ვისეირნებ კიდეც, მაგრამ ორი ძაღლი ყეფით გამოვარდა ძველი შენობის ეზოდან და ჩემსკენ მორბიან ყეფით. არ მინდა ქვის სროლა, მოსარტყმელად მეცოდებიან, ასაცილებლად და მათ მეტად გასაბრაზებლად ჩემი თავი მეცოდება. თან ერთისთვის მაქვს ქვა, მეორესთვის კი ახლოსაც არაფერი გდია ამ ქვიან ბოდბეში! დაძახებაც არ მინდა საშველად, ბავშვობაშიც არ (უფრო) მიყვარდა დახმარების თხოვნა, მაგრამ ასახდენი ოცნებები 31 წლის ასაკშიც ბევრი მაქვს და ერთი “მიშველეთ” დავიძახე, ქვაც მოვისროლე და უკუსვლით დავიწყე სიარული. არ ვიცი, მოხვდა თუ არა, მაგრამ ორივენი ღობის იქით გაუჩინარდნენ. მე კი ცხვრებთან ერთად დავბრუნდი უბანში.
სახლში დაუმალავად მოვყევი ყველაფერს და არავის უჩხუბია, არც უსაყვედურია. როგორც ჩანს, საკუთარი განცდები თუ არა, სხვისი ქცევები მაინც იცვლება წლებთან ერთად. დამაიმედებლად ჟღერს. თუმცა მაინც სხვა მინდვრებზე, მთებზე და ხევებზე მეფიქრება, შორს ბოდბიდან. ნეტავ რას გრძნობენ და ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ მშობლიურ სოფლებსა და ქალაქებში რჩებიან სამუდამოდ? მე კი მინდა აქ ყოფნა სულის მოსათქმელად და აქედან შორს – ცხოვრებისთვის, თავისი მრავალნაირი გაგებით.
8 მაისი, 2021. შაბათი.
ბოდბე
ზოგჯერ ფურცელზე ცარიელი ადგილი ყველაზე მეტად გამოხატავს ემოციის ინტენსივობას, მაგრამ ცარიელი ნაწერი წაუკითხავი რჩება და ვცდილობ, სიტყვები ვიპოვო, ან ის, რაზეც მინდა წერა.
ჩემს ერთერთ იშვიათად მონახულებელ სავანეს მოვაკითხე, ტყე-პარკს. საქანელაზე ვზივარ და ემოციების ამოცნობას ან არშემჩნევას ვცდილობ, ცხადია, უშედეგოდ. ამას ემატება ბრძოლა ხმებთან, რომელიც ეკუთვნის ადამიანებს, დიდი ხანი რომაა, რაც აღარ ვარ მათი ასაკის. მუსიკა (დაილოცოს ბლუთუზ ყურსასმენები!) ამ საქმეში ცოტას მეხმარება, მაგრამ რამდენიმე სტრიქონის შემდეგ ყველა შემაწუხებელი ხდება.
ახლა ლამბადა მიხმობს აღქმული სილაღისკენ, თუმცა სახელდაურქმეველი ემოცია ორივეს საცეცებს გვხვევს. ცოტათი მაინც ვახერხებ წატკბობას, ვამეორებ კიდეც სამყაროში ყველაზე ტკბილ ჰანგებს და კმაყოფილი ვარ, რომ მომნატრებია.
ამ ხმაურში ჯდომას ალბათ ორი მიზეზი აქვს.
დავიწყოთ პირველით: ბოქლომის მიუხედავად ბიბის, ჩემი ველოს მარტო დატოვება მენანება არასანდო ასაკის ადამიანების გარემოცვაში. თანაც სითეთრეში წასული ყვითელი შარვლით არ ვიცი, რა ვაკეთო ხევში, სადაც დუჟმორეული მდინარე მოდის.
თუმცა, შესაძლოა, ვუფრთხილდები კიდეც ამ კუჭის წვას, რათა რაღაც გამართლება ვუპოვო საქმეებისგან, პასუხისმგებლობებისგან გაქცევას. იქნებ სამყაროს ჩემს გარშემო დატრიალება მსურს? განა აბსურდული სურვილია ნორმას გადახრილ ნარციზისმთან აყუდებული ადამიანისთვის?!
იქნებ სულაც არეული ძილის რეჟიმის ბრალია ყველაფერი და ტყუილად ვებრძვი სამყაროს და ჩემს თავს? იქნებ ორიოდე აბს შეუძლია ენთუზიაზმისა და კმაყოფილების განცდის დაბრუნება?
…
ტელეფონის ზარი… უხეში დაბრუნება პასუხისმგებლობების სამყაროში… და ისევ უცნობი, თუმცა გაშინაურებული ემოციის ვადის გაგრძელება…
ალბათ, კარგია, რომ სევდების (“სევდები” კრებითი სახელია, რომელიც უცნობ ემოციებს აერთიანებს) შეყვარება მოხერხე.
წავალ, მივაბოქლომებ ბიბის (სიყვარული, არა მხოლოდ ადამინების, ტვირთი რომაა…) და გავუყვები ტყეს…
