საყვარელი რაღაცების კეთებამაც როგორი გადაჩვევა იცის, ისევე როგორც ძველმა მეგობრობამ… იმ ადამიანებთან მეგობრობას ვგულისხმობ, სადმე რომ გადაგვეკარგენ ან ჩვენ გადავეკარგეთ. მერე შევხვდებით ისევ ბედნიერები, ერთ წუთს თბილად გავეხვევით, შევღიმებთ… შემდეგ კი გაუცხოებულები და დაბნეულები ვსხედვართ, არ ვიცით საიდან, ან როგორ დავიწყოთ. ან გვაქვს კი დასაწყები? რაიმე სათქმელი?
ბათუმში სამდღიანი განმარტოება-ფრთების გაშლის ბოლო 9 სათიის პირველი საათი დაიწყო. დანარჩენიდან 5 მაინც ძილში უნდა გავატარო (იმედი მაქვს). რომ ვფიქრობდი, ამ დღეებს წერაში გავატებდი (ზღვაზე, სასტუმროში, კაფეში, ქუჩაში, მატარებელში…), სინამდვილეში, ეს ესაა პავლიკო გავშალე და ვცდილობ რამე დავწერო.
შესაფერისი სავახშმო ადგილის უსასრულო ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, ერთ ჭრელნახატებიან რესტორანში შევედი იმაზე ფიქრით, რომ თუ იმედი გამიცრუვდება და ეს ის არ აღმოჩნდება, რაც მინდა, ამაში საგანგაშო არაფერია. იმედგაცრუებაც ის გრძნობაა, რომელსაც თუ ვერ ვემეგობრები, კონსტრუქციული ურთიერთობა მაინც რომ უნდა შევინარჩუნო.
ახლა ვზივარ სალათის მოლოდინში, ხელმარცხნივ მშრალი წითელი ღვინის ბოკალი მიდგას და ყოველი დაბნეულობის დროს თითო ყლუპს ვსვამ. გემრიელი ღვინოა, ვერაფერს ვიტყვი, მუცელშიც პირველივე ყლუპი გაიფანტა და ადუღდა (მიყვარს ეს გრძნობა!). რუსულად მოლაპარაკე მაგიდა აიშალა. ფეხბურთის კომენტატორები გულმოდგინედ ცდილობენ ტვინის გაბურღვას, მაგრამ ვერ მივართვი! ზოგი გატაცება, ისევე როგორც ზოგი მეგობრობა, სამუდამოდ მთავრდება… ფეხბურთს ვგულისხმობ.
აქაურობა ისე დაცარიელდა, რომ შემომთავაზეს ნებისმიერი ადგილი ამერჩია და გადავმჯდარიყავი (უფრო იმიტომ რომ კომპიუტერი და ჩემი საჭმელ-სასმელი კარგად ვერ მოვთავსდით ერთად). ჰოდა, ასე წამოვსკუპდი მრგვალ მაგიდაზე ფანჯარასთან.
აქ უკვე ნაძვის ხე დგას და კიდევ უამრავი საახალწლო დეკორაციითაა დახუნძლული შემოსასვლელი (ჩემს წინ). არ მიყვარს, ნოემბერში საახალწლო სიბრჭყვიალე, მით უფრო წელს, როცა ასეთი გრძელი და ტკბილი ნოემბერია. წელს საერთოდ არ ვიცი, როგორი იქნება დეკემბერი. შარშანდელ დეკემბერთან შედარებას ვერ გადავურჩები, ვიცი, და, ალბათ, ცოტა მელაქნოლიური იქნება ეს ყველაფერი. ლოგიკურიც იქნება მგონი ეს უცნაურად რთული და მოტკბილო წელი ასე რომ დასრულდეს.
მაინც მომწონს ეს საშობაო კუთხე, მყურდო, თბილ ატმოსფეროს ქმნის… თანამშრომლები კიდევ ამატებენ დეკორაციებს და სასიამოვნო საყურებელია. სასიამოვნოა სყურებელია ყველა ის გარემო, სადაც ადამიანებს წვრილმანი რაღაცების კეთება უხარიათ, ღიმილს არ გამადლიან და მშვიდობიანი განწყობა სუფევს. ზოგჯერ ასეთი შემთხვევები ტირილს მანდომებს…

„წელს აპრილი სხვაგვარი იქნება…“ უკვე რამდენი თვეა, ეს მელოდია შიგდაშიგ მახსენებს თავს და სულ სხვაგვარი თვეების მოლოდინი მაქვს. მოლოდინს კი ვერაფრით გადავეჩვიე. და იმასთან შეჩვევაც მიჭირს, რომ მოლოდინი არასდროს მართლდება.
დამრჩა „მარიპოსას წერილები“ დასასრულებელი კი არა, დასაწყები. უკვე მერამდენედ მასწავლის ცხოვრება, რომ ყველაფერი მაშინ უნდა აკეთო, როცა მოგინდება, და არა მაშინ, როდესაც უფრო შეაფერისი დრო იქნება. მაგრამ ცუდი მოსწავლე ვარ. ამ გაკვეთილს ძირითადად ძილის შემთხვევაში ვითვალისწინებ, არადა, ვერასდროს ვიძინებ მაშინ (თითქმის), როცა მინდა! უბრალოდ დავწევები და აღარ მეძინება, სამაგიეროდ როცა არ მინდა, მაშინ… უჰ, იცოცხლე!
მე კი „მარიპოსას წერილებისთვის“ ილუსტრაციის იდეაც მაქვს უკვე. თუმცა ამ ამბიციურ ნახატამდე პეპლების ხატვაზე მინდა ხელის გაწაფვა. არადა, სახატავი პადიც ტყუილად წამომიღია.
ვეღარ გავიგე, ბევრი გატაცების ქონა სასიხარულო უფროა თუ სევდიანი…
ახლა აღმოვაჩინე, რომ სვიტრზე ფიფქები მახატია. ნამეტანი ადრე მომსვლია!
აქ ჯდომის 17 წუთი დამრჩა. არც ეს ვიცი, რამდენად კარგია. გარეთ ხომ ქალაქი მუზეუმი მელოდება ქუჩებით, რომელიც სავსეა ასეთი ინდივიდუალურობით გამორჩეული შენობებით, ქანდაკებებით, ლამპიონებით… ეს ქალაქი ისეთია, ზღვის გამო რომ უყვართ, მაგრამ ზღვის მიღმა მთელ სხვა სამყარო აქვს… ადამიანებიც ხომ ასე ვართ? რაღაცის გამო გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ იმის იქით…
ბათუმის ქუჩებში სიარული უკვე დღესასწაულია, განსაკუთრებით ღამით. დადიხარ და ყველაფერი გაოცებს, ისეთი არამასშტაბურად მომნუსხველია. აქ შენი თავი რაღაცნაირად გავიწყდება.
მხოლოდ ერთი სელფი ყავით და ერთი ფოტო როლიკებით მიმაქვს აქედან. ვცდილობ გავიხსენო და ასეთ არაფერი მახსენდება. სამაგიეროდ ზოგიერთი ლამაზმანი ქუჩის, შენობის და გემის სურათი მიმაქვს…
მოვრჩი წერას, ცოტა ხნით მელანქოლიით უნდა დავტკბე… ნოემბრის ბოლოს წინა დღე დაიწყო…
მანუგეშებელია, რომ ეს პატარა მოგზაურობა მატარებელში გაგრძელდება 5 საათით…
და როგორი ტკბილად მტკივნეულია ნაცნობი სილუეტების დალანდვა უცხო ადამიანებში არალოგიკურ ადგილას, არალოგიკურ დროს…