ივლისი, 2022

ვერ დავლაგდი, ისევ აბურდული გოგო ვარ…

არა, თითქოს ვიცი რა მინდა. ან ის მაინც ვიცი, რომ სურვილები ცვალებადია და სურვილებისთვის თვალის გასწორება ვისწავლე.

ისიც ვიცი, რისი გაკეთებაა საჭირო და ვაკეთებ. უმეტესად…

მაგრამ მაინც აბურდულად ვცხოვრობ. ვლაგდები, ვლაგდები, ვლაგდები და…

ოპტიმიზმი კარგია, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, ალბათ, ოპტმიზმსაც გააჩნია… საღამოს 7 საათის შემდეგ „კუპალნიკებს“ რომ ჩაიცვამ და ხევზე წახვალ, ტყით გარშემოცულ ხევზე… თუმცა ეგ ოპტიმიზმი რამდენადაა, არ ვიცი!

ახლა („როცა ამ სტრიქონს ვწერ“) ფეხები წყლის ზემოთ მაქვს გაშვერილი და მეყინება.

წუწუნი სულ არ მინდა, რამდენიმე წუთის წინ სულს ვღაფავდი სიცხისგან.

„სევდიანი ფიქრთ გასართველად“ არ მოვსულვარ. გასარუჯად და წიგნის საკითხად ან სამუშაოდ, ან ამ სამივესთვის მოვედი. მუსიკების მოსასმენადაც. გასაგრილებლად თავისთავად! მაგრამ ქვაზე ჩამოვჯექი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ არცერთის გამკეთებელი არ ვიყავი, რომ მხოლოდ ის მინდა, ვიჯდე ქვაზე და წყალს მივაშტერდე, სანამ კანზე ხორკლები არ დამაყრის (ჰო, ტანსაცმელიც არ წამომიღია. როდესაც სიცხისგან ენას პირში ვერ ტევ ეზოში დაბმული მოწყენილი ძაღლივით, როგორ წარმოიდგენ, რომ სიცივე მართლა არსებობს სადღაც აქვე, ერთ კილომეტრში?!).

არსებობს ჭეშმარიტებები, რომელთა მიგნებისთვისაც დიდი დრო დამჭირდა. მაგალითად: სიცხეში ცხოვრება არ გამოდის და ჯობია საქმე მაინც აკეთო.

 

მაგრამ ეს ჭეშმარიტებები დროდადრო მავიწყდება.

ჰოდა, ახლაც ვითრიე წელი. ხან უნიათო კონდიციონერთან „ვინებივრე“, ხან არარსებულ წარსულსა და მომავლას გადავწვდი, ხან ზოგიერთი მოვლენა სხვადასხვა ვარიაციით დავატრიალე, ხან კი, მოდი, ნუ ვიკითხავთ, რა ვაკეთე.

ახლა იმედი მაქვს მანამ გავიყინები, სანამ დღის დარჩენილ ნაწილზე ფიქრს დავიწყებ და, საერთოდაც, დაგეგმვის გარეშე რომ გამოვიდოდეს ამ დღის დასრულება, არ იქნებოდა ურიგო.

როგორც იქნა, ბოლო ხანებში ოცნებად ქცეული ორი ცხოვრება მაქვს.

ეს ორი ცხოვრება ჯერჯერობით ერთად ვერ ძოვენ.

პრინციპში, არც უნდა ძოვდნენ ერთად, პირიქით, ერთმანეთის მინდვრებში არ უნდა იჭრებოდნენ.

მაგრამ ცდილობენ შეჭრას!

და რახან ახალი ახალია… ჰოო, ძაან ყოჩობს და არ ვიცი, რა იქნება!

11 ივნისი, 2022. ორშაბათი. ლაგოდეხი

ხომ არის დღეები ან საღამოები, როცა სამყარო შენს გარშემო ბრუნავს. როცა სულ ერთია, ხდება თუ არ ხდება რამე, ყველაფერი შენთვისაა.

ასეთ დროს გინდა ეს მთელი სამყარო მარტო შენთვის კი არ იყოს, გხედავდეს კიდეც, რომ ასეთი ლაღი და ნიავივით მსუბუქია შენი ყოფა. გინდა უთქმელად, ყვრილის გარეშე, ერთი შემოხედვით შეამჩნიოს სამყარომ შენი ბედნიერება და შენთან ერთად გაიხაროს.

მაგრამ სამყარო უსინათლო თუ არა, მცირედმხედველი მაინცაა…

მერე ეს სილაღე ლღვება, ლორწოს მგავს კონსისტენციად გადაიქცევა და ნელ-ნელა სხეულს გინესტავს.

მერე მოდის დღეები, საღამოები, ყლორტს მოწყვეტილი ყვავილივით რომ უნდა გაგაქროლოს ცინცხალი, ქუნქულა ღრუბლებისკენ.

მაგრამ სამყარომ ცენტრი შეიცვალა და შენ სადღაც მის მიღმა დარჩი.

კარგი ისაა, რომ უამრავი სამყარო არსებობს ამ სამყაროში და შენც ერთერთი მათგანი ხარ.

მიდი და იტრიალე საკუთარი ღერძის მიმართ, იტრიალე, იტრიალე, სანამ თავბრუ დაგეხვევა და ფერად სინესტეში მიესვენები.

საკუთარ სამყაროში ყველა გრძნობა ტკბილია. ეს საერთო სამყაროშია საშინელი მარტო ყიალი მაშინ, როდესაც გული გაზიარებულ ღიმილს გთხოვს.

სამყაროვ, ჩემო საკუთარო სამყაროვ, ნეტავ არ გაქრებოდე ჩემზე ადრე!

22 ივლისი, 2021. პარასკევი. თბილისი