აპრილი სამი ყველაზე ეგოისტური თვიდან ერთერთია…
ცოტა შეზარხოშებული ვარ (ჯიგრის ყაურმას, თანაც ძალიან მოშიებულზე, ღვინო უხდება). დასაკომენტარებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ჩავკეცე და ახალი ვორდის დოკუმენტი შევქმენი.
მაინც წამიცდა სული და „ახალი“ სალსა მუსიკები დაუნდობლად მწიწკნის.
არ მახსოვს, რა ხდება მსოფლიოში, დღეს ვინ მოკლეს, ვინ აწამეს და ვინ გადაიხიზნა…
არც საქმეები მინდა მახსოვდეს…
მერე რა, რომ დღეს მზე ასე ჯიუტად ვერ (და საერთოდაც არ) ცდილობს ჩემს სხეულში შემოღწევას, მაინც სიყვარულის და ოცნების გარდა სხვა არაფერი მინდა არსებობდეს!
ზუსტად არ ვიცი, რისთვის დავიწყე წერა. მგონი, სათქმელი არაფერი მაქვს, ან ისეთი სათქმელები მაქვს, რომელთა თქმაც შეუძლებელია, გამოხატვაც… ხომ არის რაღაცები, მარტო შენ რომ გაიგებ?! რომც მოგისმინონ…
ასეთ დროს მხოლოდ ის დაგრჩენია, ფიქრებს აყვე, წაყვე… ისინი აუცილებლად გაგრიყავენ სადმე დაღლილს. გაგრიყავენ და უკანმოუხედავად გაუჩინარდებიან, ისე, მათ წასვლას რომ ვერც გაიგებ. მთავარია, დაიღალო…
დაღლილობა თითქმის ყველაფრის ბოლო წამალია…
მაგრამ აპრილის დასასრულამდე დიდი დროა და ასეთი ქანცგაწყვეტაც ჯერ ადრეა.
როცა მზეზე ყოფნა გაუსაძლისია, შეგიძლია ოთახში შეიყუჟო და ათინათები დაიჭირო, ან მის შუქზე გამოკვეთილ მტვრის ნაწილაკებს დააკვირდე და მელაქნოლიას მიეძალო.
ამ ქვეყნად ზედმეტი არაფერია, ტკივილიც კი, მხოლოდ დოზას სჭირდება დარეგულირება.
ჰოდა, მთავარი თავის ტკივილიც ეგაა!
როცა არ იცი, რა გინდა, ძნელია, როცა იცი – კიდევ უფრო…
ცხოვრება აღმაფრენა-დაღმაფრენების ქარბობალაა და ეს მშვენიერია. თუმცა ხანდახან შეიძლება ამ ქარბობალამ გამოგაშროს. მერე აპრილი მოდის, თავისი თქეშით ერთიანად გამოგჟღინთავს და მზეების ლოდინს დაგაწყებინებს.
წელს ისე დაგვატყდა თავს აპრილი, პირდაპირ დაგვხრუკა და ახლა ზამთრის მთქნარებისთვის გაგვწირა ისევ.
სიყვარულის ან ბედნიერების შემდეგ გრძნობების გასადავება ყველაზე გაუგებარი ლოგიკაა ამ სამყაროში…
და მაინც, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ღერძი აქვს სამყაროს! უნდა ჰქონდეს…
