პოეზია 2013 წლიდან

შენ და გალონის თვე

 
მზეს ფერი დაჰკრავს წითლის,
გადაიკარგა დღე,
შემოეპარა ძილი
ნისლში ჩამალულ მთებს.
რულში ირევა ფიქრი,
ტვინი, მსაჯული თვლემს,
სევდა ოცნებებს წიწკნის,
ტკივილებს წმენდავს მტვერს.
ლოდი, გულივით დიდი,
აქვე უძრავად დევს,
ნაკადული კი მიდის,
ქურდულად უქცევს გვერდს.
გადარინდულა იცი,
რაც სიხარული გდევს?
გადაიწმინდეს თითქმის
მოგონებებმა ბტკე.
ცდილობს, იმალავს ტკივილს
და ვერ ახერხებს ჯერ,
ვერ მალავს ვიწრო ბილიკს,
მოშიშვლებული ტყე.
ისევ მსხვერპლი ხარ რითმის
და არ დაეძებ მშველს,
ჩუმ-ჩუმად მაინც ყვირი,
მოჰგავხარ კიდეც შველს.
……..
ტყე ისევ ისე იცდის,
შენც ვერ აუქცევ გვერდს,
მზეს ემალება ისიც,
განა რას ითხოვს მეტს.
გამოდარების შიშით
გრძნობთ უფრო მეტს და მეტს,
ყვითელ ფოთლების ჩრდილში
შენ და გალონის თვე.
 
ნოემბერი, 2020

შეწყვეტილი შემოდგომა

 
მწიფემსხლისფერი შემოდგომა აყოლებს კვნესას
გაფრენილ ფოთლებს და ნეშომპალას,
გამოყვითლება არ დასცალდა ზოგ მათგანს წელსაც,
დაურიდებლად წაიღო ქარმა.
გაბუტულ ტუჩებს ადებს მინას ანცი გოგონა,
ტკბილი ოქტომბრით ვერ ისარგებლა,
შიშველ კანჭებზე ვერ მოირგო გეტრები, ჰოდა,
ჩაი შემოდგა, ეძლევა სევდას.
 
22 ოქტომბერი, 2016

***

 
გადამიავდრდა, ცისარტყელა ჩემსკენაც კრთება,
მკრთალად, ნელინელ იკვეთება ფერთა პალიტრა,
იმ ღამეებს კი, რაც ვათენე აქამდე თეთრად,
ხაზს გადავუსმევ და ცხოვრებას ვიწყებ ახლიდან.
 
22 ოქტომბერი, 2016

დღეა ნაწვიმარი, ნანისლევი

 
დღეა ნაწვიმარი, ნანისლევი,
სუსხი შესევია ქუჩებს.
თვალებს დაღი აზის ღამისთევის,
დარდი დამჩნევია ტუჩებს.

ახლაც ისევ ისე გადის წლები,
გულის ფეთქვას მარტო ვუსმენ.
ჩემი ოცნებაა ნაწამები,
უკვე იცრიცება, სულს ლევს.

ტრფობის, გახელების, აღტაცების
ვეძებ მიმობნეულ წუთებს,
ისევ განვიცდი და დანანებით
მაინც მარტოობას ვუძლებ.


დღეა ნაწვიმარი, ნანისლევი,
სევდა მორევია ქუჩებს.
თვალებს დაღი აზის ღამისთევის,
სცივათ უამბორო ტუჩებს…
 
7 დეკემბერი, 2014

შემოდგომა

 
შემოდგომის წვიმა,
მოლოდინი ზამთრის
და ფოთლები ყვითლად 
გაფრენილი ქარში.
გაცრეცილი ფიქრი, 
გულში სველი გრძნობა,
მილეული შიში,
შეჩვეული მოცდა.
შეჩენილი ეჭვი 
აღარ იწვევს ტკივილს,
არც ის, რომ ხარ ერთი,
ვერ გაიყავ სხვისთვის.
დაბინდულა ყველა,
რაც რამ გწვავდა,გკლავდა,
დახვალ ჩუმად,
სევდაც შეუმჩნევლად დაგაქვს.
შემოდგომის ფერი,
მკაცრი, თანაც თბილი,
მარტოხელა ცრემლი,
მსგავსი წვეთის წვიმის.
დარი დგას და ავდარს
ეძახიან მაინც,
რას გაუგებ ამათ,
დარდი დარდად დარჩი.

შემოგომის წვიმა
მომენატრა მკაცრი
და ფოთლები ყვითლად
გაფრენილი ქარში…
 
აგვისტო, 2013