***
გაიქცნენ, რითმები გაიქცნენ…
დამტოვეს ფიქრებთან მარტოკა
და ახლა უფრო მსურს მოხვიდე,
რომ დარდი მხრებიდან ჩამომხსნა.
12იანვარი, 2012
რაჭა...და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი...
და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი???
ველზე, მთებზე და…მთები, მთები, შეხე რამდენი!
სითბო, სითბო და კიდევ სითბო, ყველა თვალიდან,
ყველაფერს დათმობ, ისე არ გსურს, წასვლა რაჭიდან.
ან ტყე რად ღირდა, შებურული, ვიწრო ბილიკით,
გიჯი რიონი, ამღვრეული ძველი ფიქრივით!
თავქვე დაშვება მორიგი მთის მწვანე ფერდიდადნ
ბევრად ლამაზი მოჩანს უფრო თურმე ცხენიდან.
და პატარა ქვა გულის ფორმის, ხიდთან ნასროლი,
შენ ვერ ელევი ქვას და შენს ფიქრს, ქვას თან გაყოლილს.
მერე სურვილი, რომ რიონის ტალღა გიცავდეს
და რომ ერთგული დარჩე მისი კუბოს ფიცრამდე.
დღისით მწველი მზე, როგორც გრძნობა, გრძნობა ველური,
ჭექა-ქუხილი არ გაძინებს გადარეული.
ან რა დროს ძილი, როდესაც ხარ მთვრალი ხვანჭკარით!
ძარღვიდან ძარღვში, გრძნობ, თუ სისხლი როგორ გადადის.
კლდის პირას წოლა, ირგვლივ ბზები, მიწის სურნელი,
არაფერი გსურს ამის გარდა, ისე დუნდები,
თან სიოც ისე ნაზად გკოცნის ყელზე, ყურის ძირს,
წლებსაც კი დათმობ რამდენიმე ასეთ წუთისთვის.
მხოლოდ ახლა გრძნობ მარტოობას მთელი სიმძაფრით,
ცრემლის ფიალა კი აივსო უკვე პირამდის
და დაიღვრება რაჭად ყოფნის ბოლო საღამოს
და რა დაგილევს განშორებულს ფიქრს და სადარდოს.
ისევდაისევ ნაქერალა, მწვანე შაორი,
თეთრ ნისლში რჩება, გემალება გრძნობააყოლილს.
მთებით მკითხაობ, ითვლი, როგორ ფურცლებს გვირილის,
“მოვალ! არ მოვალ” – დაბრუნების ბედს წყვეტ ღიმილით.
და უცებ სევდა… ამ თამაშის ბოლო გაშინებს,
გაურბი პასუხს და მთებს მაინც თვალს ვერ აცილიბ…
………………
და გვირილები მაინც რატომ იყო ამდენი…
2 ივნისი, 2011
მარტის წვიმა
მხიარული სევდა მოაქვს წვიმას,
ღრუბელს სველი ოცნებები წყდება,
მოგონება სულელ გრძნობებს წინწკლავს,
გული დიდი გუბესავით ფეთქავს.
თმაგაშლილი, ფეხშიშველი წვიმა
თავის რიტმზე გულშემოყრით ცეკვავს
და ტროტუარს, როგორც ფანჯრის მინას,
ნაზამთრალი ლაქებისგან რეცხავს.
ციდან თბილი სევდა მოაქვს წვიმას,
ღრუბელს ძველი საიდუმლო წყდება.
ბაღში თავი გაურთვია ნიავს,-
ხის ტოტიდან გამხმარ ფოთლებს ფერთხავს…
15 მარტიი, 2010
ტანგო
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
აქ ჩვენ ვართ მარტო,
ორი სხეული
ერთმანეთს ათბობს.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
და გულთან ახლოს
ჟღერს ცეცხლიანი
ჩურჩულით ტანგო.
ვხვდები, რომ ვბოდავ,
უსიტყვოდ ვროშავ
სისულელეებს,-
ვჩერდები, მორჩა.
ვხვდები,რომ ვბოდავ,
ვიხსენებ კოცნას,
ამაყ ცეკვაში
მე თავს ვხრი მორცხვად.
შენ მგონი ამჩნევ,
სევდას რომ ვაფრქვევ
და გიკვირს,
რატომ გარიდებ თვალებს.
შენ მგონი ამჩნევ,
მთავრდება ღამე
და შიში გაკრთობს,
რას ვუცქერ ცაზე.
მე მესმის შენი,
მეც შიშით ვკვდები,
ხვალინდელი დღე
რომ რამეს შეცვლის.
მე მესმის შენი,
შენ ცოცხლობ ჩემით
და მე კი ამ დროს
მთვარეს შევცქერი.
შეწყვიტე ეჭვი,
მე მერე გეტყვი,
ახლა ეს ტანგოც
ბევრია ჩემთვის.
შეწყვიტე ეჭვი,
მთვარესაც ჩვენი
კოცნა, დუმილი
და ტანგო შვენის.
მთვარეზე ვხედავ
ჩემს ტანზე მზერას,
ღიმილზე-ბოდვას,
თვალებში-ეშმაკს.
მთვარეზე ვხედავ
მთრთოლარე ვნებას,
ამბავი მოაქვს
ჩრდილების რხევას.
მთვარეზე ვუცქერ
ჩვენს ორ სიუეტს,
ტანგოს ალერსით
გადახლართულებს.
მთვარეზე ვუცქერ
და ვხვდები უცებ,
სხეულს კი არა,
ვაცეკვებთ გულებს.
გავყევით ჰანგებს
რიჟრაჟა ცაზე
და მოედანად
ვაქციეთ მთვარე.
გავყვეით ჰანგებს,
მოშურნე ღამემ
შემოიხია
დეკოლტე ტანზე.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს
და აღარ გვახსოვს,
ოცნება როგორ
ვაქციეთ აწმყოდ.
ჩვენ ვცეკვავთ ტანგოს,
რომელიც ამბობს,
რომ არასოდეს
ვიქნები მარტო…
28 იანვარი, 2010
ღამის წყვდიადი
ისევ დაღამდა, წამი გაშეშდა,
გარეთ ალვების რხევაც გაჩერდა
და სულში ისევ შემოაბიჯა
ღამის წყვდიადმა და მყუდროებამ.
ისევ დაღამდა და გადაეკრა
სიბნელის ლიბრი ცას და გულს ერთად,
დღე ნამსხვრევებად დაცვივდა ისევ….
ღამე მაგონებს გულბოროტ წერაქვს!
წეღან დღეს ისევ მწარედ გააწნეს,
ისევ ხურავენ იქით დარაბებს
და ჩემს ლოგინში სველ ბალიშიდან
ისევ მოველი ფიქრის ნიაღვრებს.
“თუ არ გცალია დღისით ფიქრისთვის,
ამ უკუნეთში მაინც მოიცლი” –
კვლავ ახორხოცდნენ ბნელი ფიქრები,
მათი ბელადი შავ ხელებს მიწვდის.
შორს გაიელვა ბნელამ სინათლემ,
ალბათ, იმეხებს ცოდვილ მიწაზე,
მერე გრიგალის ორომტრიალში
ვიღაც დილამდე ვეღარ მიაღწევს.
მალე არავინ ჩაუვლის ქუჩებს,
გაუთენდებათ სისხლიან ტურებს.
თეთრი კრავების გულთ ცახცახში
ვერ დავიძინე მშვიდად ვერც წუხელ.
30 მაისი, 2009
მხოლოდ ერთი... ვგავდე ტირიფს...
სხვა არ მინდა ახლა მეტი,
მხოლოდ ერთი… ვგავდე ტირიფს,
თუნდაც ვიყო ისე შტერი,
ვუნდებოდე მუდამ ტირილს.
ღია მწვანე კაბა მეცვას,
და მხრებს ვხრიდე, როგორც რტოებს,
ჩუმად ვჭვრეტდე მაღლა ზეცას,
დაბლა ჩრდილად ვშლიდე ნოხებს.
სიყვარულის მქონდეს ნიჭი
და მის გარდა არა მსურდეს,
სულ მახსოვდეს ერთი ფიცი_
გავყურებდე მუდამ შუკებს.
სხვა არ მინდა ახლა მეტი,
მხოლოდ ერთი, ვგავდე ტირიფს,
ყვავილების მქონდეს თმები,
არ ვიშლიდე მუდამ ტირილს…
12 მაისი, 2009
***
ჭორფლები აყრია მკერდზე,
მხრებზე ჩამოშლია თმა,
ღიმილი ანათებს ღამეს, –
საკინძე შეიხსნა ცამ.
26 თებერვალი, 2009