ფრაგმენტი საცეკვაო მოედნიდან

არ ვიცი, საით გავყვები ქარებს
არ ვიცი, რომელს, რამდენს ან რისთვის… ან როდის… ვიპოვნი კიდე, თუ მომაკითხავს…
მხოლოდ ვიცი, რომ მას, ვისაც წამლავს ტრფობა ან ზამთრის ან შემოდგომის, არ შეუძლია, რომ ამინდს ენდოს… ანდა იკმაროს: მხოლოდ მზე, წვიმა, თოვლი ან სეტყვა.
მას შეუძლია მიენდოს ქარებს, ან არ მიენდოს – დაიწყოს მართვა, როგორც მხედრები წვრთნიან ულაყებს…
განა გინახავთ, გათავისუფლდეს ფოთოლი ხის მძიმე ტოტებიდან და არ გაჰყვეს ქარებს აქეთ ან იქეთ?!
დიახ, გავყვები სამხრეთისაკენ, ან ჩრდილოეთით, ანდა პირველი ვნახავ მზის ჩასვლას, ან მზის ამოსვლას. ან ისიც და ისიც…
ვინც მარტოობა აირჩია და თან მას ეტრფის, ვერ გაჩერდება უქარებოდ, რამის ამარა…
თქვენ იცნობთ ფოთლებს? Ზოგი ირჩევს ფეხქვეშ გაგებას, ზოგი ბილიკებს, ზოგი ქროლას უგზოდ და უკვლოდ.
მე? Მე ჯერ არ ვიცი, ვყვითლდები მხოლოდ, არ მეჩქარება, დრო ბევრი მაქვს, ვიცდი და თან ვგრძნობ…
რომ ვჯობნი რითმებს, მარწუხებს სხვისას და თუნდაც ჩემსას, მოგონილს თვითონ…
და დარი არის ყველა ამინდი, რომელსაც ელი, უხმობ თუ ითხოვ…
და მაინც მაშინ, ჰო სწორედ მაშინ, თავისუფლდები რაღაცისაგან, როდესაც ჯობნი საკუთარ ჩვევას, ცუდს ანდა კარგსაც…
და იწყებ ახალს…
რაღაცას ისეთს, რაც სულ თავიდან შეგმატებს ძალას…
და გრძნობ, რომ ხედავ საკუთარ თავს სადღაც შორიდან, ასეც და ისეც ხედავ შენს თავს, ხედავ და გიყვარს…
შენ შეგიძლია გააკეთო რაღაც ახალი, რაღაც დიადი, კარგი ანდა… იქნებ არც ისე…
შენ გადაწყვიტე…

***
ადამინის ბუნებრივი მგომარეობა ხომ ფრენაა
სახლს ერთი დიასახლისი კმარა!
დალაგებამდე სახლი უნდა აწეწო, უკიდურესად, ყველა ნივთის გადმოლაგებამდე თუ გადმოყრამდე. მხოლოდ ამის მერე შეიძლება იდეალური წესრიგის დამყარება. დალაგების მცდელობა ისე, რომ ნაკლებად აურიო, ზედაპირულ, მოჩვენებით წესრიგს გვაძლევს, რომლის მიღმა უამრავი მტვრის ბუსუსი იმალება. ასეა ცხოვრებაც. ადამიანები, რომლებიც მოსვლისთანავე იწყებენ შენი ცხოვრების დალაგებას, უეცრად ცვლიან მას, მერე მიდიან და ტოვებენ აწეწილ ფიქრებს, აფორიაქებულ სულს და აბობოქრებულ განცდებს. მაგრამ მოვა ადამიანი, რომელიც ასევე ორიოდე ან მეტი ხელის მოსმით აყრის ყველაფერს, ერთხანს შეშფოთდება ამ აურზაურით და დაიწყებს დალაგებას, ნელა, მონდომებით და მომავალ წესრიგზე მიპყობილი თვალებით და გულით. პროცესი იწელება, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება თითო შედეგზე დახარჯული დრო, პატარა ლაქების მოშორებას ხომ მეტი ძალისხმევა სჭირდება! და ამ დროს უკვე ჩნდება რაღაც სიმშვიდის მაგვარი, შედარებით უფრო ფორიაქა განცდა, რომელიც ტოლფასია წესრიგის. თითქოს ეს კიდეც მეტად მოგწონს, ვიდრე საბოლოო მიზანი. და რჩება ის! დიასახლისი არასოდეს ტოვებს თავის სახლს!
არ დაგავიწყდეს, რომ სახლს ერთი დიასახლისი კმარა! არ სცალია? არ შეუძლია ახლა? იქნებ ავადაა? იქნებ თავად სჭირდება მიხედვა? შეეშვით, იყოს აურზაური, მოიკიდოს აბლაბუდა! სხვები მხოლოდ მალავენ იმას, რაც მოსაშორებელია, ზედმეტია!
და კიდევ, ერთხელ დამყარებულ წესრიგს გაფრთხილება უნდა, თუმცა როგორ მიუხურავ კარს სტუმარს, შემოუშვი, გაათბე, დააპურე, გაატანე კიდეც. დიასახლისი მობრუნდება და დაიწყებს ნაფეხურების წმენდას. ისევ იტრიალებს სისუფთავის სუნი. ეგ კია, უმეტესად სხვაგან ღრეობა ჯობია მაინც. წადი, მოილხინე, ზომაზე მეტიც. მერე დაბრუნდი სახლში, ჩამოიფერთხე მტვერი და შეხსენი კარი, მიენდე შენეულ ბალიშს და დილით გაიღვიძე კიდევ უფრო შენ.
ყველა სახლს სჭირება დიასახლისი და სახლს ერთი დიასახლისი კმარა!
ვიცი, როგორ კლავენ ადამიანები!
უთვალოდ დარჩენილს ძრავის უნიათოდ მჭექარე ხმა შემოესმა. არა, კი არ შემოესმა, დარჩენილი სხეულით იგრძნო, თორე აღარაფერი დარჩენოდა, რითიც მოისმენდა. ამბობენ, ვინც ბრამაცაა და ყრუც, სხეულით უკეთესად გრძნობსო, მაგრამ მან მხოლოდ მაშინღა იგრძნო რკინის ურჩხულის მოახლოება, როცა ადამიანების ხმის გაგებაც შეიძლებოდა უკვე, გაგება კი არა, სხეულის ნამცეცებით შეგრძნება. ეს რკინის ურჩხული ყოველთვის ზიზღს იწვევდა მასში, ზაფხულობით რომ შემოაბიჯებდა ირგვლივ მინდვრებში, თვალს არიდებდა (ჰქონდა მაშინ), თუმცა შიშს პირველად გრძნობდა ახლა, როცა თავის დალეულ სხულს წარმოიდგენდა.
მალევე იგრძნო კიდეც პირველი ტკივილი, რკინის პეშვი რომ მიებჯინა. ელდამ გადაუარა მჭიდროდ მიბჯენილ ფეხებზე: პატარა ყლორტი, მისი ფოთლების შრიალით რომ გრძნობდა, იზრდებოდა, ნუთუ ამ საზარელ თითებზე უნდა შეიჭრას?! უგულოდ დარჩენილი გადარჩენილი ფეხის გულებით მაინც გრძნობდა სასოწარკვეთილ სიბრაზეს და ოფლად იღვრებოდა ცრემლების ნაცვლად. გრძნობს, როგორ ხორხოცებენ და ნეტარებენ ისინი, ჭკუა რომ იხმარეს და რკინის ურჩხული მოიყვანეს, თორემ ვინ სულელი გააფუჭებდა ამხელა მიწას. მაშინდელმა გაოცებამ კაი ხანია გაუარა, გაცოფებამაც და ახლა მხოლოდ ნაწყენადღა იხსენებს იმ სახეებს. „იჰუუუ! მთელი წელი გეყოფა შეშადაც და ფიჩხადაც!“ – ხვდება, მისი უზრუნველი ზამთარი კი არ უხარია, სიკვდილის აზარტშია შესული. „მარტო წელს რო?“ – საულვაშეში ქირქილებს და დაბლა-დაბლა აპარპალებს თვალებს, ის, მის ჩრდილქვეშ რომ იგრძნო პირველად ნამდვილი სიგრილე აგვისტოს პაპანაქებაში, სეტყვას რომ დაემალა ივლისში… ვერ მოერივნენ. ვერც მოერეოდნენ იმხელა იყო და მიწაც გრძნობდა, საით იყო სიმართლე, არ უშვებდა. გაბრუნდენენ, ვერ გრძნობდნენ მარცხს, იმხელა ნადავლი მიჰქონდათ, დანაწევრებული, დაჩეხილი. მხოლოდ მერე მობრუნდნენ, ხელები რომ მოითბეს და ცეცხლში ჩაღვრილ ცრემლებზე „ლოცვა“ რომ დააყოლეს: „იშ, რას გუზგუზებს დალოცვილი!“ იქვე გაუნათდათ მომთბარი გონება და ჟინმოსულებმა დაიწყეს დინამიტის მომზადება.
მის სხეულთან ერთად ქვები და მიწაც ჯავრით ცვიოდნენ ზეცისკენ და უიმედოდ ეშვებოდნენ ისევ დაბლა. მაინც ვერ მოერივნენ. ხელმოცარულები, მაგრამ ქადილით დამშვიდებული გულებით წავიდნენ და აგერ, შეასრულეს კიდეც პირობა. არადა, რომ ახსენდება თვის ქვემოთ დასიცხული გაცრეცილი მზსუმზირები, მზის ნაცვლად თავიანთი პატრონის სახლისკენ რომ მიეპყროთ მომლოდინე თვალები… ახლა კი ყველაფერი დამთავრდება. აი, იგრძნო კიდეც, უმწეო ტირილით რომ მოსწყდა პატარა ყლორტი, თვითონ კიდე ხელები არ აქვს, რომ მოეხვიოს.
……………………………..
ერთი მუხა მყავდა, ყველაზე დიდი ხე იყო ახლომახლო სოფლებში, შორიდანვე სოფლიდან შენიშნავდით კილომეტრებს იქით, მინდორში განდეგილად მდგომს. ერთ დღესაც გადაწყდა, რომ „ქორწილს გადაიხდიდი“, იმხელა ადგილი ეკავა და არ ღირდა ამხელა ნაკვეთის მოცდენა, თანაც ცივი ზამთარი მოდიოდა, თანაც მის ქვეშ ბეგვავდა ყველა მზესუმზირას და ნაგავს ყრიდნენ, თანაც… თანაც რა დალავს მიზეზს, როდესაც სიკვდილის ჟინი შეგიჩნდება სხეულში და…
მე ერთი მუხა მყავდა, იმისთვის მიხაროდა რთველის მოსვლა, რომ მის ქვეშ პატარა კაცუნები, რკოები მეკრიფა. მერე ზამთარი მიყვარდა, მის გიზგიზზე რომ მომეთბო ნათოვლარი ხელები. მერე ქათამი გადააგდებდა ხოლმე განწირულ ყინწს მის კუნძზე და რაც უფრო მეტი შავი ლაქა აჩნდა, მით უფრო მეტი გემრიელი ვახშამი მქონდა ნაგემი.
არცერთი რკო, ფოთოლი, ნაფოტი… გონსმოსულივით ვიქექები ბავშვობაში და ვცდილობ მოვიგონო მისი ჯანმრთელი, მტკიცე სხეული. არაფერი ჩანს რკოებმობნეული მიწის გარდა, რომელიც მართალია ყოველთვის. ღია, ცასმინებებული აივნიდან კი მხოლოდ გულამობერილი ივრის ზეგანს ვხედავ. მაინც ვიხსენებ ჯიუტად, მტკივა და ვიხსენებ: მე ერთი მუხა მყავდა! ჩრდილგაშლილი, ზღაპრებმოღიღინე, ალალი… მე ერთი მუხა მყავდა და ვიცი, როგორ კლავენ ადამიანები!
შინდისფერი ჩანთა და ალილოობა
შინდესფერ ჩანთაში ლოტოს ბარათებმა და კოჭებმა დაიდეს ბინა, მერე გაიხა და სადღაც დაასრულა სიცოცხლე შეუმჩნევლად….
არ ვიცი, რატომ სჭირდება ალილოს ასაკი…
ოღონდ ახლა კარზე მომიკაკუნებდეს ვინმე და იმღერებდეს:
„ალათასა-მალათასა,
ხელი ჩავყავ კალათასა,
ძალო, კვერცხი გადმომიგდე,
შენი სახლი ბარაქასა.
არიელი, მარიელი,
არ გამგზავნო ცარიელი.”
შობის სასწაულად ჩავთვლიდი… და არ გავგზავნიდი ცარიელს, ჩემი ქათმუნიების კვერცხებს ჩავუწყობდი ფრთხილად…
კეთილი წვიმა
ყვითელი ფოთლები კი ისეა დამბალი, კი არ შრიალებს ფეხის დადგმისას, თითქოს თავზე ხელის გადასმასავითაა – თვალთ გებინდება და თანაც, სად თავი და სად ფეხები, მაგრამ გაყინული ფეხებიც გილღვება. მხრებაწურული მიუყვები ფილაქნებს ჩაყოლილ წითელ ხაზს, საწყლადმხრებაწურული კი არა, თითქოს რაღაც საამურს ნეტარებ. გეჩვენება, ფილაქნის წითელი ხაზი კი არა, შენი ფიქრია თითქოს, აბდაუბდა, თან რომ არაფერს ეხება და თანაც ყველაფერს. შენ აბდაუბდა აბურდული გეგონა, მაგრამ, ნახე, როგორ სწორი ყოფილა თურმე.
ცოტაც და შენი საყვარელი ყვითელი ხეა, უფრო სწორედ, ყვითელყოფილი. ახლა ერთადერთი გაძარცული ხე….ჯერჯერობით. უყურებ და არ შეგიძლია გული გეტკინოს, ისე გიხარია, შენს სულს რომ ვერ ხდიან საბურველს შემოდგომები …თუმცა… გულის ჩხვლეტა, რასაც ახლა გრძნობ, გაზაფხულის ყველა გახსენებას ახლავს თან. სამართლიანად შენიშნავ, მარტოსულა გაზაფხულებიც ხომ ვერ ახერხებენ შენს აფერადებას, სამაგიეროდ… აი, ეს ხე კი ხასხასებდა გაზაფხულზე (ალბათ, თორემ შენ არ შეგიმჩნევია საერთო სიმწვანეში)…
რა შვებაა ზოგჯერ, მძიმე პარკი რომ ჩაგიჭრის ხელს და ფიქრებიდან გამოგარკვევს! ხელის შენაცვლებისას ისე ახტიხარ უსიცოცხლო ტროტუარზე, თითქოს საძოვარზე პირველად გამოსული ციკანი იყო. ეზოშიც ისევ შენი მუსიკა ჟღერს: უკანასკნელი თავგანწირვით წყდებიან სახურავებს მომსხო წვეთები. თითის წვერებზე იწევი და შენი სხეული თუ არა, შენ ნამდვილად ცეკვავ აღტაცებით…
