სექტემბერი, 2021

სმა რომ შემძლებოდა, ბოკალი შავი ღვინო საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა-მეთქი, გავიფიქრე და ამის წუწუნის გაზიარება მომინდა, ცხადია, ტექსტური სახით. სწორედ აქედან გამახსენდა დღიური. ჭამა განვაგრძე და თან გონებაში დღიურის პირველი წინადადებების წერას შევუდექი. სადღაც აქ ფანტა ტროპიკის სმის სიტკბოც გამახსენდა. 

გაზიანებიდან ლუდს ვცნობ მხოლოდ, სულ ასე ვამბობ. ტროპიკი კიდევ სხვა ჯურის სასმელია, თან გაზიანი და თან არა: სტუდენტობის იაშვიათი სასმელი და შაურმის მეორე ნახევარი. უღვინობის შესამსუბუქებლადაც შეიძლება გამოდგეს. დღეს გავიგებ.

მონატრებული, საამსეზონე მოსაცმელი შემოვიცვი, კუბოკრული ჩანთა მოვიკიდე და მაღაზიისკენ გავეშურე. გასვლისთანავე კაი ჯიგრულ წვიმაში ამოვყავი თავი, ფეხი კი – გუბეში.

ათიოდე მეტრის გავლის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება, რომ მაღაზიიდან პირდაპირ სახლში დაბრუნებას შევძლებ. წვიმიანი ნიავი შეთხელებულ თმას ყურებსა და სახეზე მიფრიალებს, თვითონ კი თხელი მაისურის ქვეშ მიძვრება. მოკლე მოსაცმელს წინ ვიჯვარედინებ, შეძლებისდაგვარად, და თან სიგრილეს ვეფიცხები. ხელები მკერდს ქვემოთ რომ მაქვს შემოჭდობილი, წუთის წინ სარკეში დალანდული საკუთარი სხეული მახსენდება, შესუსტებული და, ალბათ, უფრო შავი ელასტიკის გავლენით მეტად დაწვრილებული. 

ასეთ დროს საკუთარ თავთან განსაკუთრებულ სიახლოვეს და ემპათიას ვგრძნობ.

და ასე, ორი ლიკა მივდივართ ნიკორასკენ.

ტროპიკი და გარგარის ჩირი ჩემთვის, ლუდი და ჩიპსი – ჩემი ძმისთვის. სასმელის მხოლოდ სხვისთვის ყიდვას შევეჩვიე, აღარ მიჭირს…

90-იანების სიმღერებთან (უჩვეულო ყოფილა მეოთხე ათწლეული) ერთად გამოვდივარ შესუსტებულ წვიმაში და გეზს დავიწყებული ხიდისკენ ვიღებ. ორი ხედის ხიდთან დამეგობრების შემდეგ სულ დამავიწყდა ძველი მეგობარი. მაგრამ ძველი მეგობარი რისი ძველი მეგობარია, გულიანად არ მიგიღოს! 

ღამით, წვიმით, ეს ადგილი არალაგოდეხურად გამოიყურება და დიდი ქალაქის ილუზიას ქმნის. დიდ ქალაქში ცხოვრება არა, მაგრამ დიდი ქალაქი, მგონი, მენატრება. სასიამოვნო ილუზიაა.

ერთი “მოვკრუგე” და სახლისკენ გამოვწიე იმაზე ფიქრით, დავბრუნდებოდი თუ არა შინ, მარტო რომ ვცხოვრობდე.

ჯერ ვეერ გადავწყვიტე, ადამიანები ერთმანეთის მხარდამჭერები უფრო ვართ თუ ბორკილები…

 

“კვლავ მარ-ტო ყოფნა მინ-დება,

ღა-მე ისევ გზას მპირდება…”

 

ნამცეცა აღმართს სიმსუბუქით შევუდექი. ისევ დიდქალაქური განცდები შემომესივნენ: კარგად დაღამებულზე დიდი დიღმის და ნუცუბიძის ქარები, წვიმები, ჩანთის სიმძიმე მხრებზე, დაღლილი ფეხები და უფრო დაღლილი გონება, ზოგჯერ სახლში მიღწევის სურვილი, ზოგჯერ კი ღამესთან წაცეკვება ხელის თითიებით ან ფიქრებით… დაღლა არა და დანარჩენი უცხოა ლაგოდეხში ცხოვრებისთვის.

ასეთი დაღლაა საჭირო, რომ მერე  მცირე “შატალო” მოაწყო და განიავდე? იქნებ ეს “შატალოებია” ამ ცხოვრებაში საუკეთესო რამ? ნუ, ცუდი მაინც არაა.



ტროპიკი ნამდვილად ვერ შეედრება იმ ჯადოსნურ სითხეს… არაფერს შეუძლია რაიმეს ჩანაცვლება…

 

შავ კლდეებზე წერაც აღარ მინდა, აღარც ამ ლაშქრობის გამო სიამაყის გაზიარება, ჩანთის უცნობი სიმძიმის აღნიშვნა და ა.შ. ბიბისთან ერთად ზღვის ზემოთ ღრუბლებში ჩამავალი მზის ყურებაც უკვე გაფერმკთალდა დაუწერელად…

როგორ მალე სრულდება მზის ჩასვლა…

 

“დროს ალბათ ეს გზა გა-ი-ყვანს,

არ ვი-ცი, სა-ით წა-მი-ყვაანს,

ქუჩებში მარტო დავდი-ვა-აარ.

……

ცა ვარსკვლა-ვე-ბით ირთვება,

მარტო ვარ, სულ არ მწყინდება.

სხვა არა-ფე-რი მჭირ-დე-ბა…”

22 სექტმებერი, 2021. ოთხშაბათი.