მოგონებების შეგროვებას არა და შეკოწიწებას ბავშვობიდან მივეჩვიე. ყველა მცირე სიხარულსა თუ თავგადასვალს უამრავჯერ ვიმეორებდი გონებაში და ვიჯერებდი, რომ სხვებზე ბევრად ნაკლებად ბედნიერი არ ვიყავი. ახლაც, როცა ჩემი ცხოვრება წინანდელთან შედარებით ბევრად გაფერადდა, მაინც ვითვლი, ვზომავ, რამდენად ბევრი და კარგი ამბები ხდება ჩემკენ. და რადგან ახლა უკვე ვიცი, რომ მეხსიერებას ერთი ცუდი ჩვევა აქვს, დავიწყებაც შეუძლია, ვცდილობ რაიმე ფორმით დავაარქივო სასიამოვნო ამბები თუ ემოციები. დღიურიც ერთერთი გზაა, რომ წვალებით შეკოწიწებული ბედნიერი წამები არ დამეკარგოს…
ჰოდა, დღიურის დაწერას რომ გადადებ, მაგაზე დიდი დაუდევრობა რა უნდა იყოს!
ჩემი და ბიბის ყვარელში მოგზაურობა ისე შორს დარჩა, აღარც ვიცი, რა შეიძლება დავწერო მასზე. მშრალი ფაქტები მახსენდება მხლოდ: პირველი შორეული ველო მოგზაურობა, გავლილი 160 კმ. ოთხ დღეში, ლამაზი კაფე, რომელიც მეპატრონის მოქარგული სურათებით და სხვა ლამაზობებით იყო სავსე, უგემრიელესი შაურმა, მონატრებული გრემი, ჩემი ძველი მეგობარი, წინადალი თავისი სიყვითლითა და აუხდენელ მუსიკალურ ფესტივალზე ფიქრით, საშინლად არაკომფორტული ველო ბილიკი, სულ სხვანაირი ნეკრესი და გზები, უსასრულო, ლამაზი გზები ხიდებით, ხეივნებით, შატოებით გვერდდამშვენებულები…
ემოციებს უფრო ვარაუდით ვიხსენებ: სიამაყე, სიმსუბუქე, ღონემილევა, ბედნიერება, იმედი, სევდა და მელანქოლია. ეს ყველაფარი ერთად ან ცალცალკე.
ყვარელი რომ შავი კლდეებივით არდასაწერად გავიმეტე, არაუშავს და თბილისთან განშორებიდან 3 წლისთავზე გულახდილობა რომ მოვინდომე, ეგეც იმ დღეებში ნაცეკვი თითოეული სალსის, ბაჩატისა და კიზომბას გახსენებაში გადავდე, გადავდე და დავივიწყე…
იქნებ სულაც მოგონებებსა და ემოციებს საკმარისი გონება აქვთ იმისთვის, რომ თვითონ გადაწყვიტონ, დაგვამახსოვრდნენ თუ გაუჩინარდნენ ან გაფერკმრთალდნენ? და თუ მხოლოდ მანამ არაიან ამბებიც და ემოციებიც მნიშვნელოვანი, სანამ გვახსოვს? და დღიური მოგონებების შემკრეფი უფროა თუ მეგობარი, რომელიც ემოციებთან გამკლავებაში გვეხმარება?
არ ვიცი? არცერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი.
უბრალოდ ისევ ყველაფერი ვცადე: საქმისთვის გულის დადება, ახალაკვიატებული სიმღერები, ძილზეც ვიფიქრე, გალონის სურათიც დავარედაქტირე და დავპოსტე, კითხვა დღეს აღარ მინდა, არც ვარჯიშის ღონე მაქვს… ღვინო არ მესმება… არადა, ხვალ გალონის დაბადების დღეა. ნეტავ დღეს მქონოდა შეხვერები და არა ხვალ!
და აი ასე, იისფერი სინათლე გონებაში: დღიური!
მაგრამ ტრადიციულად კლავიატურის ღილაკებზე იმსხვრევა აზრები. კვლავ შევცდი, წინა ჩანაწერი გადავიკითხე, წინა ჩანაწერი კი ყოველთვის უკეთ გამოიყურება და ახლანდელი ნათქვამი ყველაფერი უმნიშვნელო ჩანს.
დამავიწყდა რას ვგრძნობდი ან რაზე ვფიქროდი, არც ის მახსოვს, თუ ვიცოდი, რას ვგრძნობდი. ყველა უსახელო ემოციას ერთი სახელი აქვს ჩემთვის: სევდები.
სევდებს დიდი ხანია აღარ ვუწყრები. მართალია, ზოგჯერ ფარდას გავუწევ ხოლმე (უდროობიდან გამომდინარე), მაგრამ, ძირითადად, მისაღები სტუმარია. რაც უფრო დროულად მივიღებ, მით უფრო მსუბუქად ვმასლაათობთ და ხელის დაქნევით ვემშვიდობებით ერთმანეთს. ფოთოლცვენის თვე ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის გარეშე, კარს არც კი ვხურავ ხოლმე, რომ როცა უნდა შემოშრიალდეს.
ხვალ გალონის დაბადების დღეა. ჩვეულებრივი ფუსფუსა, გემრიელი დღე რომ იყოს, ვერც ავიტან!
არ ვიცი, მეძინება თუ თავს ვიმძინარებ, მაგრამ ჩვეულზე მეტად მიჭირს სიტყვებისთვის თავის მოყრა. იმდენად მიჭირს, რომ გაყინულ ფეხებს უფრო ვგრძნობ, ვიდრე სათქმელს.
წეღან საათს რომ შევხედე და საკმარისი დროა, ჩემი საიტი ბოლოსდაბოლოს რომ შევალამაზო და თამამად გავუზიარო სხვებს-მეთქი ვიფიქრე, ახლა უკვე გადაფიქრებული მაქვს. ამას გადავიკითხავ და ყვითელ-ცისფერ ლოგინში შევძვრები. სულ ერთია, მეძინება თუ არა.
ყველაფერს ვერ ეომები. არ უნდა ეომო! რაღაცებს…
რაც ჩემია, ჩემია. ჩემი სევდებიც მიყვარს და ყალთაბანდობაც.
გალონიც მიყვარს ჩემი!
მიყვარს „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის“…
კი, „ეს ფოთლები ფენილი ქარით,
ეს მწუხარე და ნაზი ზმანება“… მიყვარს
დროდადრო „სული მევსება თოვლით“, მაგრამ არ ვბერდები…
არც ზამთარს გადარჩენას ვნატრობ და არ მინდა, რომ ქარმა მიმატოვოს…
„…მაგრამ მე რა ვქნა, მე ვისაც სული
მაქვს აწეწილი უცხო ქარებით,
ვინც აღტცება არ ვიცი სრული
არც სიხარულით, არც მწუხარებით?“

16 ნოემბერი, 2021. სამშაბათი. ლაგოდეხი
ახლა ერთი ნაჩქარევი დღიური უნდა დავწერო… საზღვრებზე…
ნაჩქარევი იმიტომ, რომ 16 წუთში შეხვედრა მეწყება.
საზღვრები იმიტომ, რომ დღეს მაწიმში ჩავიარეთ ისევ მე და ბიბიმ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან „დავასტუკეთ“ და წამოვედით…
აღარ ვფიქრობ იმაზე, როგორ შევძელი, სხეულის საზღვრებს მომეცილებინა საკუთარი თავი, მაგრამ სხეული როგორ ვერ მოვაცილე ამ ქვეყნის საზღვრებს, რომელიც უფრო ნაკლებია, ვიდრე 69 700 კვ. კმ, როგორც სკოლაში გვასწავლიდენენ. ჰმ, არა, არავის არაფერს ვჩუქნი, უბრალოდ ფაქტია, რომ საზღვრები, რომელსაც 31 წელია ვერ გავცილდი, უფრო ნაკლებ ფართობს საზღვრავს!

აღარ ვფიქრობ იმიტომ, რომ ეს ფიქრი დავიზეპირე და ვიმეორებ. დამაიმედებელ მოსაზრებებსაც ვიმეორებ: „ყველას ცხოვრება ერთნაირად საინტერესოდ და სწრაფად რომ მიდიოდეს, აღარაფერი იქნებოდა საინტერესო“, „ყველას თავისი ტემპი აქვს“, „მე მეტად მძაფრად შევიგრძნობ ჩემს პირველ ფრენას, ვიდრე, მაგალითად 7 წლის გოგონა, მშობლებმა რომ უყიდეს ბილეთი, ჩემოდანიც ჩაულაგეს და ახლა ასწავლიან, როგორ მოიქცეს აეროპორტში“.
ნამდვილად, საინტერესო ცხოვრება უფრო საინტერესოა, თუ წინ უინტერესო ცხოვრება უძღვის. მიკვირს ხოლმე, როცა ვინმეს ჩემი ფუსფუსი და წვრილმანებით აღფრთოვანება უკვირს. მერე დავფიქრდები და ვხვდები, რომ ჩემს მოსაწყენ ბავშვობას (და ცოტა მერეს) უნდა ვუმადლოდე ათასგვარ ოცნებებს და სიყვარულებს. ჰოდა, აღარ ვდარდობ, უღიმღამოდ გატარებულ წლებზე, მათ მე ისეთ გოგოდ მაქციეს, როგორიც ძალიან მიყვარს…
(ვწყვეტ წერას. შეხვედრის დრო მოვიდა და პირველ დამსწრეს ვესალმები…).
შეხვედრამდე გაკეთებული ჩანაწერი გადავიკითხე. მშრალია. ხვალ და ზეგ უფრო საინტერესოდ მომეჩვენება, ვიცი. ჩანაწერებიც ამბებივითაა, მერე უფრო საინტერესო ჩანს, ჩავლილზე, ზოგჯერ კი პირიქით – ეს რა მიბოდიალიაო. სიმართლე ითქვას, ჩანაწერები ცხოვრებაზე ცოტა უკეთ გამომდის, მაგრამ ეს განსხვავება სულ უფრო მცირდება.
ერთ დღეს, ალბათ, მე და ბიბი გავცდებით ამ შლანგბაუმებს და იქით გადავალთ. შესაძლოა, ეს იყოს სწორად პირველი საზღვრების მოშლა, ანდა არ იყოს. მაგრამ ამ დღემდე უფრო ნაკლები დროა დარჩენილი, ვიდრე ხანდახან მეჩვენება.
წლევანდელ წელს კი ვუშვებ ისე, რომ გეგმის ეს პუნქტი შეუსრულებელი დავტოვე. არა უშავს… ამტანობა გამოვცადე წელს და შედეგით კმაყოფილი ვარ, ეს ჩემი ძლიერი მხარეა და გამოვიყენებ სხვა პუნქტების მომავალში „მოპტიჭკვისთვის“.
და გზებისთვის სიყვარულში გამოტყდომა… „აწი რაღა გამაჩერებს შინ…“
ყველაფერი იქნება… იქნება გვიან, საჭირო დროს…
ახლა წინ, დღის გეგმის დარჩენილი ორი პუნქტისკენ ჰერი-ჰერი!