დილიჟანში ყოფნის ბოლო საათი დააიწყო. ჩემმა გოგოებმა დაახლოებით საათის წინ დამტოვეს, თბილისში ბრუნდებიან. მე ტრენინგის მონაწილეების ნაწილთან ერთად ერევანში მივდივარ.
თუმცა ალბათ უფრო მარტო მივდივარ…
ახლა ეს განცდა აღარ მაწუხებს. ბოლოს მაინც მოვიდა სიმშვიდე, სევდიანი სიმშვიდე, მაგრამ ვინ დაეძებს…
შესისხლხორცებული განცდების მოშორებას ალბათ რამდენიმე ცხოვრება ვერ ეყოფა. სისხლის გამოცვლაც ვერ უშველის ალბათ, ვერც ხორცის… ჰოდა, მეც დავიკარგე…
ფერადი კაბებით, წითელი ტუჩსაცხით, გაშლილი თმებით, თმაში ყვავილით და ათასგვარ რიტმს აყოლილი სხეულით სადღაც დავიკარგე… არ ვიცი სად… ვერ გავიკვლიე გზა, რომ ჩემი თავი მეპოვა.
მერე დავიღალე და დავბრუნდი. უფრო სწორედ, მოვტრიალდი და სადღაც შორიახლოს ჩამოვჯექი, ალუბლისყუნწა მკლავები შემოვხვიე ჩემს სხეულს და გამიხარდა, ისევ ისე რომ შემომეკარგა ხელებში. მერე ღრუბლებს ნება დავრთე, დაბლა დაშვებულიყვნენ და ეწვიმათ, ხან სევდიანად, ხან კი ტრაგიკულად. მერე კი ისე, რომ არ გამიშვია ეს ქარქატელა გოგო, ხეტიალს მოვყევი.
მე მარტო არ ვარ… მე მყავს გოგო, როგორიც არავის არ ჰყავს… მისი ფერადი სამყარო, მისი სიძლიერე საკმარისია ჩემთვის, რომ ყოველეთვის გადავრჩე და ბედნიერი ვიყო. დედამიწა კი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად, თუნდაც ადამიანებისგან დაცლილი იყოს, ანდა თუნდაც მთელი ურდო უცხოპლანეტელები ჩამოასახლონ.