05:23
როგორც წესი სიცხეს არ ვიზომავ ხოლმე. მხოლოდ მაშინ ვიღებ თერმომეტრს, თუ უკვე ვიცი რომ სიცხე მაქვს და მხოლოდ რიცხვებშია საქმე.
თერმომეტრი არ მაქვს. ჩაი და ცხვირის სპრეის დავჯერდი. როგორც ყოველთვის, არ მჯერა, რომ სიცხეს მომცემს, მით უმეტეს, ახლა, ასეთ შეუფერებელ დროს.
0 საათსა და რაღაც წუთებზე ტელფონი ისე გადავდე, ბოლოჯერ არ „დამირეფრეშებია“ ფეისბუქი. ეს უკვე სიგნალია! ამას ემატება, რომ რამდენიმე წუთში მეორე საბანსაც ვიფარებ (დაილოცოს წყვილებზე გათვლილი ნომრები!). არადა, აივნის კარი დახურული მაქვს!
მაინც კმაყოფილი მივდივარ ძილის სამყაროში, რომ ჩაი დალეული მაქვს, ახლა უგონოდ მეძინება და დილით უკვე ძალებაღდგენილი ვიქნები. ძალიან გავყოჩაღდი ბოლო წელს. აქ არ გამხსენებია, რომ თვენახევარია ვარჯიშზე ხელი ავიღე და ვინ იცის, რა ძალაღა შემრჩა! აი, ამ წუთას მწარედ ვკიცხავ ჩემს თავს და ვაპირებ, ზაფხულმა ვეღარ შემაშინოს!
მაგრამ ვერ ვიძინებ! ძალინ მცივა! ვიბუზები. საბნის კიდეებს ვიკეცავ. ვფიქრობ ავდგე და ცოტა თბილი (ბეჭებს და მხრებს რომ ფარავს) მაისური ჩავიცვა. მაგრამ მაისური, რომელიც წინა ღამეს სკამზე იდო, ახლა კარადაშია და იქ მიმსვლელი არ ვარ.
ბოლოსდაბოლოს, როდისმე ამიწევს სიცხე და გავთბები!

ეს როდისმე ძალიან გვიან დადგა. როდის, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი რომ ხუთ საათზე ნაკლებში, რადგან მაგ დროს მეორედ წავედი ტუალეტში და აღარ მციოდა. მგონი, არც წინა ადგომაზე.
წინა ადგომისას ან ადგმომამდე თავის ტკივილმა და ჩემმა კვნესამ შემაწუხა. რომ ვტრიალდები, ღებინების შეგრძნება მაქვს. ახლა აქ ვინმე რომ იყოს და ეღვიძოს, აუცილებლად ლაპარაკს დავიწყებდი და პირს არ გავაჩუმებდი. ესეც შენი თერმომეტრი! სიცხე მაქვს, მაგრამ რამდენი, არ ვიცი.
ციტრამონი მაქვს ჩანთაში: ზოგჯერ, როცა ჰაიმორიტი შემაწუხებს, თავი მტკივდება და მეტნაკლებად ყოველთვის მომეპოვება ექვსაბიანი ფირფიტა (ახლა ოთხიანი).
კარგი ამბებიც ხომ ხდება?! ჰოდა, ჩანთა საწოლის იმ მხარეს მიდევს (წინა ღამისგან განსხვავებით), საითკენაც მძინავს. ან თავს უშველის ან სიცხის რიცხვებს ცოტა…
მეორედ ადგომის შემდეგ ლოგინში რომ დავბრუნდი, იისფერი ლამპა (ალბათ ეგრე ჰქვია ნავთზე არა და დენზე მომუშავე მოწყობილობას, საწოლებთან რომ დგავენ ტუმბობებზე) აღარ გამომირთვია, მეგობარივით ნუგეშიანად მიყურებს. თან ვგრძნობ, გამოძინება აღარ გამოვა.
ზურგზე ვწევარ და დიდად არ მეჭერება, თორემ ჭერის ცქერით გავერთობოდი. არა, უეჭველი გავცივდი, ვიცი. თუმცა ტესტი მაინც უნდა გავიკეთო, სხვანაირად არ შეიძლება. სად უნდა მივიდე? ვის აჯობებს რომ ვკითხო? სასტუმროს თანამშრომელს? რომ გამაგდოს, სად წავიდე? არ დამიჯერებს, რომ გავცივდი. ან თუ დამიჯერებს, მერე იფიქრებს გიჟია, სიცხიანს რა ჯანდაბა უნდა ციხეზეო.
გუშინ სურამელების ჯგუფში დავემატე ველოსიპედის ქირავობის სურვილით. ველოსიპედი ვერ ვიშოვე, მაგრამ იქნებ იქ ვიკითხო?
ვაითუ სურამში არ კეთდება? ხაშურში კოვიდ ტესტზე წაყვანა ვის უნდა ვთხოვო? არადა, როგორ გინდა დაუმალო? ვერა, ხო?! 4,2 კილომეტრია აქედან. ჩემთვის არც ისე ბევრი მანძილია, მაგრამ არა ამ მდგომარეობაში.
კიდევ კარგი, გუშინ გასვლისას მარტო ტანი დავიბანე და თავი არა. მერე გენახათ ჩემი ამბავი!
აცრა! იქნებ აცრის შედეგია მოგვიანებით? არა, დიდი დროა გასული. მაინც ვითვლი: სამშაბათს ავიცერი. ე.ი. ამ სამშაბათს გახდა 14 დღე. ოთხშაბათი 15, ხუთშაბათი 16, პარასკევი 17, შაბათი 18. პარასკევს კი უკვე სუსტად ვიყავი, უგონოდ დამეძინა შუადღეს. იქნებ სულაც არ იყო ეს გამოუძინებლობის ბრალის?!
თავს ვიწონებ, რომ თითების გარეშე შემიძლია გადავთვალო რიცხვები და კვირის დღეები მორიგეობით. ამ დღეებში კოგნიტურ პროცესებთან დაკავშირებით წაკითხული რაღაცები მიტივტივდა თავში, მაგრამ ეს რაღაცები რა არის, არ ვიცი.
ფაშისტებივით მოულოდნელად შეიძლება დაგაცხრეს ეს კოვიდი! ისევ ვუშვებ, რომ შეიძლება მაქვს, შეიძლება არა.
მთლად ერთბაშადაც ვერ გებულობ, ჯერ ნაბიჯების ხმა გესმის, ცნობისმოყვარეობა გკლავს, ისინი არიან თუ არა, მაგრამ ხომ ვერ გაიხედები?
ფაშისტები შემთხვევით არ გამხსენებიან. ამ დროს უკვე დღიურს ვწერ გონებაში და ანა ფრანკი გამახსენდა.
არა, როცა საქმე კოვიდს ეხება, უნდა გაიხედო და გაიგო, ისაა თუ არა, მაგრამ ვაი და ტესტის პასუხი დადებით იყო? მერე რას ვშვრები?
მოდი ინკლუზიის ქოუჩების ჩატში მივიწერები, მაქსიმუმ როდის შეიძლება დამეწყოს აცრის შემდგომი სიმპტომები (თუ რაცაა). თან სამშაბათის გამოცდის ამბავშიც თანამიგრძნობენ. თუმცა სანამ ძალას მოვიკრეფ ტელეფონის ხელში ასაღებად, ვიაზრებ, რომ ძალიან გვიანია.
ისევ ჩემი თავის შებრალებას ვიწყებ. რამდენი გეგმები! ახლა ამის დროა? რა გამოვიდა, სურამის ციხეზე ავედი და ეგაა? ნეტა გადამედო მეცადინეობა და გარშემო ეკლესიები და სინაგოგა რომაა, ეგენიც მენახა პარასკევსვე (უი, რას ამბობ!). დღევანდელ შუადღის ძილს ვპატიობ ჩემს თავს, რა მექნა თვალები მეხუჭებოდა, ალბათ მაშინვე ვერ ვიყავი კარგად.
ისედაც ვერ მიდის მეცადინეობის საქმე ყოჩაღად, სულ მეძინება. არადა, 50 ქულის აღების შემთხვევაში ისეთი ჯილდო მაქვს აწესებული, ნაკლები არ შეიძლება.
შესაბამისად ვერც დღიური დავწერე მატარებელზე, ხაშურ-სურამზე, სურამელ და თბილისელ-სურამელ ადამინებზე (ღმერთო, რა სოციალური გავხდი! ნეტა, მაშინვე ხომ არ მქონდა სიცხე) და ჩემს თავზე.
სამაგიეროდ, კოვიდზე ან არკოვიდზე ვწერ დღიურს!
შეიძლება საერთოდ ვერ გავიდე გამოცდაზე…
2 კვირა სასტუმროს ნომერში უნდა გამოვიკეტო თავი? 70-ჯერ 14 ბევრია! ფრენაც არ ვიცი.
აი, მანქანა გჭირდებაო, რომ მეუბნებიან, ამას ნიშნავს ალბათ. მაგრამ მაინც მატარებლით რომ წამოვიდოდი?
სხვა დარიგებაც მახსენდება: „დროა, დრო!“ და ქადაგება იმაზე, როგორი ძნელია მარტოობა, როცა წყლის მომწოდებელი არავინ გყავს, არც დამლაპარაკებელი. მგონი, ამაზე მაფრთხილებდნენ.
ჰოდა, სიცხეს ხომ იმით ვხვდები, რომ გაუთავებელ ქაქანს ვიწყებ?! ახლაც აგერ 732 სიტყვაზე ავედი (ამ ფრჩხილის გახსნისას 735 იყო).
ამასობაში ერთი საბანი მოვიშორე, აივნის კარიც მოვაღე, ნახევრად მწოლარე მდგომარეობიდან მჯდომარეში გადავედი (ბეჭები მაინც მეწვის) და თავიც აღარ მტკივა, აღარც მცხელა. ერთი მჟავე ტყლაპი მომცა, რომ სურდოსგან და სპრეისგან ჩაწული ყელი „ჩამიტკბოს“ და ეგაა.
ალბათ მაინც გავცივდი.
იქნებ მართლა არ გაუკეთებიათ „წყალი“?
წუხელ უპირბადეოდ რომ შემოვედი სასტუმროში, ნახევარ წუთში რამეს დავაშავებდი?
791.
25 ივნისის განთიადი, 2021.
სურამი
დედაჩემმა დაიჟინა, რომ გახველებს და სიცხე გაქვს, სასტუმროს ექიმს დაურეკე, ფილტვები მოასმენინეო. დედაჩემი (ალბათ ზოგადად დედები) თუ რამის გაკეთებას აუცილებლობად თვლის, მოგიწევს, გააკეთო.
დარეკვამდე წინდების მოძებნა დავიწყე და, ოო, აი, რატომ წამიღია სურამში ჩემი “სოლიდური” წინდები – ექიმის დასახვედრად. მაისურიც გამოვიცვალე, ფანჯარა დავხურე, რომ ქუჩის ხმაური ჩამეხშო და ყურმილი (რა საყვარლობაა ) ავიღე.

დადასტურებიდან 5 დღის მერე გეკუთვნის კვლევები და მერე წაგიყვანთ, ახლა მარტო მოსმენით ვერაფერს გავიგებთ, ხველის წამალს მოგაწვდითო (სიცხის მაქვს).
ნახევარ წუთში კაკუნის ხმაზე გავვარდი (ჩემს გვერდით ცხოვრობენ).
ჯერ არ ჰქონდა კარი შეხურული და გამომელაპარაკა, როგორ დამელია, დღეები გადაიანგარიშა კიდევ, პარასკევს ან შაბათს წაგიყვანთო.
ახალგაზრდა, სიმპატიური ექიმი იყო… ნუ, უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შორეული პერსპექტივიდან აღარ ვიყურები ხოლმე.
წინდებმა ჩაიარა… მხრებიც სულ გამიქრა (დანარჩენიც)… კიდე კაი, ლიმნებიანი მაისური და ახალი წითელი კუბოკრული პერანგი მაინც ჩავიცვი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მიხდება.
წინდები პარასკევისთვის ან შაბათისთვის შევინახე.