ისევ პისიარის პასუხს ველოდები და ინტუიცია ისევ მკარნახობს, რომ ისაა. ბევრი არაფერი, ყელი მეფხაჭნება მეორე თუ მესამე დღეა და ცხვირი ისე მაწუხებს, როგორც თითქმის ყოველთვის, მაგრამ… ჰო, ბეჭებმა ძველი შეგრძნება შემახსენეს წეღან, სუსტად…
საერთოდ, ზოგჯერ იმდენს ვფიქრობ რამდენად სამართილიანი და სწორია ჩემი ქცევა სხვების მიმართ, რომ საკუთარი სურვილები ჰაერში გამოკიდებული მრჩება. მერე კი აღმოჩნდება, რომ რას და როგორ გავაკეთებდი ან ვიტყოდი, არც ისე დიდი მნიშვნელობის ყოფილა და ვრჩები ორმაგად ხახაგამომშრალი. მაგრამ ზოგჯერ ისე შემომიჩუჩხუნებს ეგოიზმი…
ჰოდა, დიდხანს ვიჭიდავეთ მე და დაბადების დღის ბათუმში გატარების სურვილმა. მე ვბუზღუნებდი, რომ თუ კოვიდი მაქვს, მაშინ ძალიან, ძალიან ცუდად ვიქცევი, ჩემი ყელის ტკივილს რომ არ ვიმჩნევ-მეთქი. ის კი ზღვის ტალღებზე, ბულვარში როლიკებით ცეკვაზე, ბარზე, ანტი ვალენტინურ საღამოს რომ აწყობს, ლამაზ კაფეზე, სასტუმროში მარტო გატარებულ სამ ღამეზე, მატარებელზე, ადრიანაზე (ჩემს ჩემოდანს ჰქვია) და ქვაფენილის აქეთ-იქით აყოლებულ ფერად სახლებზე მეჩურჩულებოდა. ბოლოს მეგობრები ჩავრიე საქმეში და ერთიანი ძალებით ტესტზე წასვლა გადაწყდა. დღეს მე არა და ოჯახის სამ წევრს სიცხე აქვს. მე კი ამაყი ვარ, რომ მანამდე გავამჟღავნე ჩემი ყელის ამბავი.
თუმცა ამაზე წერას სულაც არა, სევდიან-მელანქოლიური განცდების ფრქვევას ვაპირებდი. და, აი, ისიც (იმედია ამ სალსის მელოდიის დაიგნორებას და წერას შევძლებ):
თვალს რომ დავხუჭავ და ზაფხულის კოვიდის გახსენებას ვცდილობ, კაი-კაი რამეები მახსენდება.
მძღოლმა რომ მომაკითხა, რომელსაც კოვიდ სასტუმროში უნდა წავეყვანე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა საითკენ, მხიარულება იქიდან დაიწყო.
მერე თეთრი წინდები, ექიმის დასახვედრად რომ ჩავიცვი, მან კი ტელეფონზე (ოჰ, ყურმილიანი ტელეფონი!) მოკრძალებული ხმით მითხრა, მეხუთე ან მეექვსე დღეს გაგზავნით გამოკვლევაზე, ახლა თქვენი ფილტვების მოსმენას არანაირი აზრი არ აქვსო და მოგვიანებით ხველის წამალი შემომაწოდა. კაკუნისთანავე მივვარდი კარს და, ჰოი, საოცრებავ, ახალგაზრდა სიმპატიური ექიმი ჯერ კიდევ დერეფანში იყო და ორიოდე წინადადებითაც გამომელაპარაკა.
კიდევ უფრო დაკვირვებით ვიხედები დახუჭული ქუთუთუოების მიღმა და ფლამინგოებიანი კაბა მახსენდება, სალსას რომ ვცეკვავდი ბოლო დღეს…
უჰ, ბოლო დღეს ვანილის არომატიანი ტანის სპრეის სუნი ვიგრძენი!
შავი ელასტიკითა და წინგამოკვანძილი ნაცრისფერი მაისურითაც ვცეკვავდი მანამდე.
მახსოვს სიმღერები, რომლებსაც მაშინ ვუსმენდი. ყველა უტკბილესი იყო, განსაკუთრებით ის სალსები, სურამში წასვლის წინ რომ გადმოვწერე. ისინი ახლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მხოლოდ მაშინ ვუსმენ, როცა ფლეილისტის შემთხვევით განმეორების რეჟიმზე ჩართული, დაიწყება რომელიმე მათგანი და გადართვა დამეზარება. რას იზავ, ახალი სიყვარულები ყოველთვის უფრო მიმზიდველები არიან!
მახსოვს, ვისზე და რაზე ვფიქრობდი, ვინ მწერდა, ვის ვწერდი.
ერთერთ ღამეს როდესაც ალბათ მეჩვიდმეტეჯერ გადავბარგდი საწოლის შედარებით მშრალ ნაწილში, გავიაზრე, როგორი შეყვარებული ვიყავი გზებზე. დავწერე კიდეც გზებზე, უსასრულო გზებზე…
ოჰ, როგორი მარტო ვიყავი საკუთარ თავთან და როგორი ადვილია კოვიდიც კი, როცა მარტო ხარ, გაქვს სარკე, ფურცელი ან ლეპტოპი, გაქვს უამრავი საყვარელი სიმღერა, ოცნება და შიგადაშიგ კარგ ადამიანებზეც მიგიწვდება ხელი. კოვიდ სასტუმროს უგემურ საჭმელებსაც კი აიტან!
როგორ იციან ადამიანებმა კაი მოვაჭერეებივით იმ რაღაცების დაუღალავად ქება, რაც შენ სულ არ გჭირდება და როგორ სჯერათ, რომ ასე შენზე ზრუნავენ… ნეტავ ვინ რა იცის, ვის რას სჭირდება? მე ისიც არ ვიცი, ჩემთვის რა სჯობს. აგერ ერთ დღეს გონება გამინათდება, ვიპოვი ჩემი ცხოვრების მთავარ არსს, მეორე დღეს თუ არა მოგვიანებით მაინც შემომიჩნდება საკუთარი გამოძეწრილი მოვაჭრე თუ ენთუზიაზისტთა მთელი ჯგუფი და მონდომებით მირევენ ტვინს.
მაგრამ რაც შენი არ არის, არ არის და მორჩა!
ისევ ეს სალსა! ტვინის ამღვრევი, კოვიდ სასტუმროს კიდევ უფრო რომ მოგანდომებს!

რა მაქვს ახლა?
სახლი 6 ადამიანით ბათუმის სასტუმროს ნომრის ნაცვლად ზღვის ხედით,
როლიკები ჩანთაში ნაცვლად როლიკებისა სანაპიროზე,
ხილის ჩაი ტეკილასი და კოქტეილის ნაცვლად,
კამერაგაფუჭებული (და საერთოდაც, საბურავმოხსნილი) ველოსიპედი მატერებლის ნაცვლად,
ყურსასმენებში მოსმენილი სალსა სტუდიასა და ბარში ნაცეკვი სალსების ნაცვლად,
გაცხიმული ათლარიანი ელასტიკი იისფერი კაბის ნაცვლად, ბერზდეი ბაჩატაზე რომ უნდა მეფრიალებინა,
ადრიანაც ამ დროისთვის არასაჭირო ტანსაცმელს ინახავს,
ჩემი ახალი ცეკვის ფეხსაცმელები კი კვლავ სტუდიაშია.
ჰო, კიდევ მაქვს მატარებლის ბილეთი, ფუნქცია დაკარგული, სასტუმროს ჯავშნის კოდის სმს.
დაბადების დღის წიგნსაც ონლაინ თუ (არა, ვერ) შევუკვეთავ.
ვაჰ, დრონი, დრონი!
ტყუილია, რომ მთავარი ჯანმრთელობაა. ახლა მხოლოდ ყელი მტკივა, ცოტა. მაშინ მტკიოდა თავი, შუბლი, ბეჭები, ფეხები, მაციებდა რამდენიმე საათს, მერე რამდენიმე საათ ოფლიან ტანსაცმელებს ვიცვლიდი, მახველებდა, მიბუჟდებოდა ფეხები (ჩემი გულის გასახეთქად) და ღებინების შეგძნება ხომ ტვინს მიწყალებდა.
და მაინც…
რამდენი გაკვეთილი უნდა მომცეს ცხოვრებამ, რომ ეჭვი აღარ შემეპაროს მარტივ ჭეშმარიტებებში?!
არ მინდა, არ მინდა ჩემი დაბადების დღე მოვიდეს!
7 თებერვალი, 2022 ლაგოდეხი, სახლი

30-ის მერე ყველა წელი მაინც უცნაურად გასხვავებულია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ თარიღები არც ისე პირობითია, ყველა წელს თავისი აურა და ამბავი აქვს. შემჩენევა უნდა! შემჩნევას გაბედვა!
ბავშვობაში გმირობაზე ვოცნებობდი და სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზებზე ვოცნებობდი. ხან აკრობატობა მესახებოდა გმირობად, ხან კეთილი როლების თამაში, მერე ჟურნალისტობა, შიგადაშიგ გოგონათა ფეხბურთის გუნდისთვის წარმატების მოპოვება… მერე გადავწყვიტე, რომ გმირობას ვერ დაგეგმავ, გმირებად, როგორც წესი, შემთხვევით იქცევიან ხოლმე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები და… შევეშვი გმირობის დევნას. თუმცა გმირი ყველა ჩვენგანი ვართ. უმეტესობა მაინც!
ბევრი პატარ-პატრა გმირობა ჩამიდენია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ რომ დავფიქრდე ჩემს ყველაზე დიდ გმირობა რა არის… ეს ალბათ სურვილებისთვის თვალის გასწორებაა… ან მომტვრეული ფრთების (პირველ მოგონებებამდე რომ დავკარგეთ) მიკერების გაუთავებელი მცდელობებია… ნემსის ყველა ჩხვლეტა ხომ მტივნეულია და გამაყუჩებლებიც მხოლოდ ნაწილობრივ გვიამებენ ტკივილს…
ტკივილის მაინცდამაინც მოძულე არ ვარ. მიყვარს კუნთების ტკივილი ვარჯიშის მერე, სისხლის ანალიზების აღების ჩხვლეტა, ზოგიერთი სურვილის მოგუდვის ტივილიც მიყვარს, ხანდახან უძილობისა და დაღლილობისგან ატკიებული გულ-მუცელიც, ტვინის ტკივილიც მიყვარს, გონივრულ ან კეთილ გადაწყვეტილებების მიღებას რომ უსწრებს წინ ან მოყვება… ზოგჯერ გონებაში გაცოცხლებული ტკივილებიც მიყვარს, მაგრამ არა ყოველთვის…
კიდევ დაუგეგმავი წერა მიყვარს, რამდენიმე საათით ან დღით ადრე დაწყობილი ფრაზების გარეშე. ასეთ დროს ბევრ რამეს ვგებულობ ჩემი თავის შესახებ. საკუთარი თავის გაცნობას კი, ალბათ, ვერასდროს დავასრულებ…

რაც ახლა 32 წლისამ ვიცი, ესაა:
მიყვარს ჩემი თავი, ასეთი, ზუსტად ასეთი, მაგრამ როცა სხვანაირი ვიქნები, ისიც მეყვარება!
მიყვარს ცეკვა, განსაკუთრებით სალსის. არ ვიცი, მარტოს უფრო თუ სხვასთან ერთად. ალბათ, პარტიორს გააჩნია.
მიყვარდა ფეხბურთი, უსაშველოდ… მაგრამ მეშველა, აღარ მიყვარს!
მიყვარს ჩემი სხეული, 44 კილო, აღარც ისე შავი, მალ-მალე ჭაღარაამოყოფილი, შეღებილი, ტალღოვანი, შიგადაშიგ აბურდულითმით, ჩემი ხასიათვით, წვრილი მკლავებით, თხელი მხრებით, ლამაზი თითებითა და ცოტა გაღუნული, შრამიანი ფეხებით, ყელზე პატრა ხალებით, არაქალური მკერდის არჩათვლის გარეშე (ან პირიქით, მაგის გათვალისწინებით) პროპორციული ტანით… ძლიერი მხრებითა და მუცელზე კუბიკებითაც მეყვარება, როცა მექნება!
ჩემი ცოტა აბურდული ბავშვობაც მიყვარს, რადგან დღეს ისეთი ვარ, როგორიც ვარ. თუმცა არ მენატრება. ჩემი თავი კი… ყველა ასაკში მენატრება (თითქმის).
ჯერ კიდევ მჯერა, რომ შპაკატში ჩავჯდები, ხედზეც გადავალ და ყირამალაზე დავგდები, ე.წ. „სალტოსაც“ გავაკეთებ. როლიკებით ცეკვას რომ შევძლებ, ეგ ზუსტად ვიცი!
მიყვარს კითხვა, მაგრამ წერა უფრო. და შეიძლება, როდისმე მწერალი გავხდე. ზუსტად არ ვიცი…
მიყვარს ღვინო. ტეკილაც მიყვარს, ლუდიც, კოქტეილიც… აუჰ, კოქტეილი მარტო „მოხიტო“ მაქვს გასინჯული. ეგაც პირველად ცეკვის საღამოზე გავსინჯე (ან შესვლის ღირებულება უნდა გადაგეხადა, ან კოქტეილი გეყიდა) და ბარმენის ჩამოთვლილი სახელებიდან რომლის თქმაც გამიადვილდა, ის შევუკვეთე. ვეცადე დამაჯერებელი სახეც მქონოდა. რომ მცოდნოდა, რომ პიტნიანი იქნებოდა, ამას არ ვიზამდი, მაგრამ… მას მერე მხოლოდ „მოხიტოს“ ვსვამ. წელს გავსინჯავ სხვებს!
ჰო, ისიც ვიცი, რომ ცოტა სასაცილო გოგო ვარ. ცუდი სოციალური კომპეტენციებისა და არასტაბილური (და უკვე არა დაბალი) თვითშეფასების გამო მომდის, რა ვუყოთ!
მაგრამ საყვარელიც ვარ!
ხანდახან ხუმრობაც გამომდის უკვე!
მხიარულებაც!
ზოგს, საერთოდაც, ექსტრავერტიც შეიძლება ვეგონო… არადა, გაქანებული ინტოვერტი ვარ, მაღალი სოციალურად სასურველობის მოთხოვნილებით. რა ვუყო, მარტო ვერ ვერევი საკუთარი თავის სიყვარულს! მართლა!
სხვებიც მიყვარს, განსაკუთრებით ბავშვები და ისინი, ვინც საკუთარ თავში მუდმივად აცოცხლებენ ბავშვს. უკვე ძლიერი და ჭკვიანი ხალხიც მიყვარს (როგორ ვერ ვიტანდი! განსაკუთებით, სოცილაურებიც თუ იყვნენ). ბედნიერი ხალხიც მიყვარს და მელანქოლიურიც, გააჩნია, რა აბედნიერებთ ან რა ადარდებთ.
კუბელი მომღერალი ქალების ხმაც მიყვარს.
ფერები მიყვარს, განსაკუთრებით იისფერი და ყვითელი, ახლა კი უკვე მომწვანო ცისფერი (შაბიამნისფერს რომ ვეძახი), წითელი, შინდისფერი და სხვები.
ყვავილები: ყაყაჩო, იასამანი, მზესუმზირა, ოლენადრა, ენძელა, აკაცია… გვირილა მეტად…
ტყე, ღრე, მთა, მდელო…
ხეტიალი… სულ ერთია სად! გზები… გზები…
ბიბი, ჩემი ბიბი, ველოსიპედი, ჩემი ყველაზე ტკბილი მეგობარი…
ისე მეგობრებიც მიყვარს, უმეტესობა შორიდან…
ღამე მიყვარს, ვარსკვლავიანი, ზოგჯერ მთვარიანიც… დღეც კი მიყვარს, დილა არ ვიცი, მეძინება. თუმცა საღამო ყველაზე ჯადოსნური დროა.
მიყვარს შემოდგომა, მერე აპრილი, მერე ზამთარი… ზაფხული… თუ ზღვაზე ვარ, ეგეც მიყვარს, მზესაც ვუძლებ, ორთქლასც, წყლის სიყვარულით…
წარმატებები მიყვარს. მიყვარს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ!
ხელსაქმეც მიყვარს, ილუსტრაციების შექმნაც და ათასი ჯღანმანობა…
ჩვენ ის ვართ, რაც გვიყვარს და მე ეს ვარ!
ცოტა მეტიც ვარ, მაგრამ მეორე ჭიქაში ერთი ყლუპია დარჩენილი, ღვინო კი დაბლაა.
სევდებიც მიყვარს! ჩემი მეგობარია… მაგრამ ღიმილი უფრო მაბედნიერებს.
ბედნიერება მიყვარს, ალბათ, ყველაზე მეტად!
მგონია, რომ ბედნიერებისთვის დავიბადე და ბედნიერება არასდროს იქნება ჩემგან შორს, თუნდაც ათწლეულში ერთხელ დებილური დაბადების დღე მქონდეს და ყველა გეგმა და მოლოდინი (არა მარტო ამ დღის) ერთიანად მემესხვრეოდეს!
ჰო, კიდევ რაც ვიცი ჩემზე: ძლიერი გოგო ვარ და არ არსებობს გამოუვალი მგდომარეობები!
მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ვიბრძოლო, ვიხეტიალო, ვიგმირო და ვწერო, საკუთარ თავზე!
და მაინც, რამდენი სათქმელი რჩება…
