დეკემბერი, 2021

ეს ჩემი ლამაზად შეკოწიწებული ყოელდღიურობა თავისი ფუსფუსით, მრავალმხრივობითა და ფერებით ხანდახან ისე მიჭერს ყელში, თვალებიც კი შეიძლება ამიწყლიანოს ხოლმე. ამ დროს სიამოვნებით ვიტყოდი ყველაფერზე უარს, თუ შევძლებდი დამევიწყებინა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს და ძლივს მოვაგროვე.

არა, ცხადია, არაფრის დათმობას ვაპირებ და ერთ-ორ ცდას არ ვიშურებ, რომ ჩვეულ რიტმში დავრჩე, პატარ-პატარა შატალოები კი ჯილდოებად მოვნათლო. მაგრამ უკვე დიდი და საკმაოდ ჭკვიანი გოგო ვარ იმისთვის, რომ მალევე გამოვუტყდე თავს, ყველაფერი რიგზე ვერაა და ცოტა თუ არ შევიბრალებ ჩემს თავს, უნდა თანავუგრძნო მაინც.

ასეთ დროს მეგობარი მართლა კაი რამე ყოფილა. ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ხომ ბიბია, ჩვენი ორივეს საძმო კი – გზები! ჰოდა, სამსახურის მერე ხელი მოვხვიე და მაწიმისკენ დავეშვით. არ შეიმჩნია არასაკმარისი ჰაერი საბურავებში, სიხარულით გამომყვა და ცოტაც წაიჩივლა, რომ ჩემი აქეთ-იქით წანწალების გამო ცოტა მოიწყინა. საყვედური არასდროს დაცდება, თბილი წიკწიკით მომყვება მუდამ.

ბიბის საუკეთესოდ შეუძლია გამიგოს, როგორ ვარ და რა მჭირდება. ასე რომ, გასუსულები მივდივართ. მე ვცდილობ გვერდით არ გავიხედო. არ მინდა გაცვეთილი ხედები დავინახო, გაზეპირებული. ორი ხედის ხიდზეც ისე გადავდივარ, მხოლოდ გზაზე ჩაყოლებულ თეთრ ზოლს ვუყურებ, ყველა გზას მაინც ერთნაირს რომ ხდის. დიდად არ მადარდებს, თვალები ცივი ნიავის გამო მიცრემლდება თუ ყელში წაჭერილი ყოვლედღიურობის, თუ…

ვიცი რამე უნდა გადავწყვიტო, თუნდაც წვრილმანი რამ. გადაწყვეტილებებს სიმშვიდე მოაქვთ. რამეს ნამდვილად მოვიფიქრებ, ესეც ვიცი. და სანამ ყველაფერი ძველებურად მშვიდად ხალისიანი გახდება, ამჟამინდელი მელანქოლიანარევი ფორიაქით ტკბობას ვიწყებ. წყალი არ გაუვა, მომენატრება ეს გულთან თუ ყელთან მობჯენილი ბურთი და ათას საბაბს გამოვჩხრეკ დიადი სევდებისთვის კარის გასაღებად. ჰოდა, ბარემ მეორეჯერაც ჩავუყვები იმავე თეთრ ხაზს, თვალმიშტერებული, გულაჩუყებული…

ემოციების მრავალფეროვნება ადამიანად ყოფნის მთავარი ბედნიერება – ამასაც ვფიქრობ. მიხარია, რომ სევდიანი ბედნიერებაც შემიძლია. მადლობელილ ვარ ბიბის, რომ შეუძლია, ყოველგვარ საქმეებზე, პასუხისმგებლობებზე უარი მათქმევინოს და ბაზისური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის მიხედავად გზას გამიყენოს.

…….

ახლა მეორე დღეა. დღესაც გავუდექით გზას (არა თეთრ ხაზს), ამჟამად bachata song-ების ნაცვლად საახალწლო-საშობაო სიმღერებით (თუმცა ზოგიერთი მათგანი ბაჩატას ვერსიაა), წინასაახალწლო განწყობით, გეგმებზე ფიქრით.

სახლში მოსულს ნელ-ნელა ისევ მიჭერს ყოველდღიურობა. ძალიან ჯიუტად აღარ ვცდილობ ღრმად ჩასუნთქვას, ასე უფრო მალე ვიღლები და ვნებდები, მახსოვს. ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეს მექანიკურად გავართვი თავი (ისევე, როგორც სამსახურში), მერე კი ვორდის ახალი დოკუმენტი შევქმენი სახელით „დღიური – ყოველდღიურობა“.

ახლა სალათისფერ იოგას პარალონზე მოკალათებლი ვზივარ, გამათბობელთან, გალურსული ფეხები ცოტა მაფხიზლებს. ძილის საქმე დიდი ხანია, საშინლად არადამაკმაყოფილებლადაა. პარალონიც კომპიუტერში წკაპაწკუპის დროს უფრო მადგება. თუმცა წუხანდელისნაირი გამონათებები მაქვს.

პირველივე შაბათ-კვირას, როცა სახლში ვიქნები (ან სხვა თავისუფალი დღე მექნება), კუნთების ატკიებამდე უნდა ვივარჯიშო! მომენატრა…

მოპარული ჩურჩხელა (საახალწლო ჩურჩხელებს ამოვაკლე. არა უშავს, ახალ წელს ხორცებს შევჭამ.) მგონი გავათავე, ვერ ვპოულობ.

ეს ბაჩატების პრინცი თავისი ეპითეტვერმოფიქრებული ხმით სიმშვიდის ბოლო იმედებს მიქრობს. სულ ერთია, ხელის გატოკებას არ ვაპირებ მაინც. აღარ ვდარდობ, ნახევარ საათში დავიძინებ თუ სამსაათ-ნახევარში.

რაც მეტია მოქმედი ძალა, მით მეტია ინერციის ძალა…

ამას რომ კითხულობდეს, ვიცი, ნიუტონი საფლავში გადატრიალდებოდა. ახლა დავგუგლე და დაახლოებით მოვედი აზრზე, რას გულისხმობდა თავის ინერციის კანონში.

მაგრამ მე მშვიდად ვიტრიალებ საწოლში, რადგან ვიცი, რომ რაც მეტად მონდომებით ვმოქმედებ ხოლმე საქმეების კარგად საკეთებლად, მით მეტხანს შემიძლია განვაგრძო ინერციით, პარალელურად კი ყოველდღიურობის ყელში წაჭერილ ხელებს მშვიდად დავუსხლტე.

როცა დღიურის წერაც კი ჭირს, გამოდის, შეიძლება დაგეძინოს კიდეც. საიტზე ავტვირთავ ამ ნაწერს და მოვსინჯავ, აბა! მაგრამ აუტვირთავად არ დამიძინება. რა კარგი რამეა, როცა საკუთარ თავს კარგად იცნობ.

16 დეკემბერიი, 2021. ხუთშაბათი. ლაგოდეხი

ბოლო დღე მაქვს სამსახურში, ამ წელს… როგორც ყველა ბოლო დღე, ესეც ცოტა უცნაურია, მაგრამ ნაკლებად. საერთოდ, ყველაფერი ხომ პირობითად სრულდება და ჩემი საქმეც არ დასრულებულა, რჩება ამ ოთახს იქით…

მეტი ბავშვი აღარ მოვა დღეს, არც ხვალ, ზეგ… კარი გადავიკეტე და პავლიასთან ერთად რბილ ხალიჩაზე წამოვგორდი. იდეაში, მეორე სამსახურის საქმეებისთვის მინდოდა მიმეხედა (ეგ ხომ მით უფრო არ დასრულდება), მაგრამ ისევ ვორდის ახალი დოკუმენტი შევქმენი, „დღიური – ბოლო დღე სამსახურში“.

ჩემს თავში ათასი ქარი ქრის, ყველა ქარქატელა ფოთლებს აფრიალებს აქეთ-იქით, ზოგი კი ცაცხვის ნაყოფს აიტაცებს თავის ყუნწიანად და ბალერიანასავით აბზრიალებს აღმა-დაღმა, როგორც იმ დღეს, ჩვენს სამსახურთან…

„მას შეუძლია მიენდოს ქარებს, ან არ მიენდოს – დაიწყოს მართვა, როგორც მხედრები წვრთნიან ულაყებს…“ – ვიმეორებ ჩემსავე ნაწერს, გაზეპირებულს, და ვიცი, საწუწუნო არაფერი მაქვს.

ზოგჯერ რაღაცებს ვითხოვთ ცხოვრებისგან, რაც არ გვჭირდება, მაგრამ ვხედავთ, რომ შესაძლებელია, ვხედავთ იმასაც, რომ სხვებს უნდათ… და გვეჩვენება, რომ ჩვენც ამ რაღაცებზე უნდა ვიოცნებოთ… საკუთარ სურვილებში გარკვევა მართლა რთული რამეა, მით უფრო, თუ ურთიერთვერთავსებადი რაღაცები გინდა.

შეცდომები მოსულა, რატომაც არა! ხანდახან ისიც მოსულა, დიდად არ ჩაუფიქრდე, რა გინდა. მთავარია, საკუთარი მაჯისცემის შეგრძნება არასდროს დაკარგო.

დიდი გოგო ვარ,

ძლიერი,

ყველაფერი რაც მჭრდება, ჩემშია

და შემიძლია, მხოლოდ ბედნიერი ვიყო…

 

დასასრული არ არსებობს…

ქარებს კი სცენარები არ აქვთ…

23 დეკემბერი, 2021. ხუთშაბათი. ბოლო დღე სამსახურში