ივნისი, 2021

სიცხესთან, გამოფიტულობასთან, მელაქოლიასთან და უსაქმურობის სურვილთან მთელი საღამოს ჯახირა ბრძოლის შემდეგ ფარხმალი დავყარე და, რადგან სულ უსაქმურობის უფლებასაც ვერ ვაძლევ თავს, ღრავისფერ ქალაქზე დაგეგმილ წერას შევუდგები. ახლა ჩემი გონება სხვაგან ან ვერგან ფრენს და, ალბათ, უფერული ნაწერი გამომივა, მაგრამ უფერულ ყოფნას ისევ ეს სჯობს…

ღრავისფერი ქალაქი დედოფლისწყაროა. მართალია ბევრი ფერისაა ეს ამოუწურავი მხარე, მაგრამ ღრავი ჩემთვის მეტად მიმზიდველად აქცევს.

ღრავი თეთრი ქვიშაა, რომლითაც ასფალტს აგებენ. სინამდვილეში “კალციტი” ჰქვია, თუ ერთერთ კარიერთან არსებულ ტრაფარეტს დავუჯერებთ. “ღრავს” ბოდბე-მაღაროში ვეძახით, ალბათ მთელ ქიზიყშიც, იქნებ კახეთშიც (ლაგოდეხის გამოკლებით). ასეთი კარიერები უამრავია ამ ქალაქთან და მის სიახლოვეს მუდმივად ისმის აფეთქებებისა და ღრავის სამტვრევის ხმა.

ჩემი დედოფლისწყაროს პირველი ღირსშესანიშნაობა სწორედ ეს თეთრი საბადო იყო. მაშინ მასწავლებელმა წამოგვიყვანა მეზობელი რაონული ცენტრის და თამარის ციხის სანახავად. თამარის ციხეს ვერ მივაგენით (მადლობა ღმერთს, შესაძლოა რომელიმე ჩვენგანის სიცოცხლე შესწირვოდა, მინიმუმ მე გავფლანგავდი ერთ სიცოცხლეს…). სამაგიეროდ, ღრავებზე ვისრიალეთ!

გასულ შემოდგომას ოჯახის ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად სხვებისთვისაც ღირსშესანიშნაობები რომაა, ეგენი მოვინახულე: თამარის ციხე (ხორნაბუჯი), ელიას მთა და არწივის ხეობა. მგონი, უკვე მაშინ მივხვდი, რომ ეს მხარე ცოტა მეტად უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და როცა სექტემბრიდან ახალ სამსახურში ლაგოდეხის გარდა სიღნაღი და დედოფლისწყაროც აღმოჩნდა ჩემს სამუშაო არეალში, ცხადია, არ დამიწუწუნია.

კორონას ჯანდაბა, ჩვენი შეხვედრა დროში გაიწელა და მარტის ერთ ნაწვიმ დღეს გადავეყარეთ ერთმანეთს. პირველ რიგში ღრავის კანიონებისკენ ავიღე გეზი. ალბათ, იფიქრეს, ცოტა ვერაა ეს ჩვენი “ქოუჩიო”, მაგრამ ბავშვობის და ზრდასრულობის შთაბეჭდილებების შედარების სურვილს ვერ მოვერიე. 

მეორე დღეს საკმაოდ წვიმდა და მეტგან ვერ გავილაშქრე, მაგრამ აბა წვიმიანი ქალაქი როგორ არ შემიყვარდებოდა უფრო მეტად!

………

მარტი თუ წვიმით ცდილობდა ჩვენს შორის ჩადგომას, ივნისმა სიცხე არ დაიშურა, მაგრამ პირში ჩალაგამოვლებული დავტოვე. კვირას დილიანად (სულ არაფერი მესაქმებოდა კვირა დღეს აქ) გავუდექი ახალი მეგობრისკენ გზას.

-აცრა გაიკეთე?

-აცრა რა ეშმაკად მინდა?!

მარშუტკაში ასვლის პირველი წუთიდან დაიწყო სახალისო წვრილამნი ამბებები.

………

“მარშუტკიდან” ფეხის ჩამოდგმისას კი პირველი გაფიქრება იყო: “ღრავისფერი ქალაქი” (ასე იცვალა სახელი დედოფლისწყარომ (რა მოუხელთებელი სახელია! ჩემთვის). და მართლაც სხვანაირად თეთრ ასფალტზე დავდგი ფეხი, ჩემი ბავშვობის მარავალწლიან გაცვეთილი ასფალტის ფერზე. 

შემდეგ სიჩუმე ვიგრძენი, სხვანაირი სიჩუმე, ლაგოდეხის და ბოდბის სიჩუმეზე უფრო მშთანთმქავი. ალბათ წინა გამოსვლაზე წვიმა ახმიანებდა, ისევე როგორც უფრო მუქი ჩანდა-მეთქი. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მართალი ვიყავი, მაგრამ საღამოს გასეირნებისას მივხვდი, რომ უფრო მეტად ვცდებოდი. სიჩუმის თავი და თავი სიცხე ყოფილა, ყველა ჩემსავით სეზონის გიჟი კი არაა, აგრილებულზე აჟრიამულდენენ.

მე კი, სიცხისადმი დიდი სიძულვილის მიუხედავად, ხორნაბუჯისკენ (ბავშვობაში ვერ ნაპოვნი თამარის ციხისკენ) ავიღე გეზი.

…………..

დღიურის ეს ნაწილი ასეთი უნდა ყოფილიყო: “ყურსასმენები გავიკეთე და, რა დამთხვევაა, დედოფლიწყაროელი ყმაწვილის გაზიარებული  “Take me home”-ით (სწორედ ესაა ბოლოს აკვიატებული 3 სიმღერიდან ერთერთი) გავუყევი არასახლისკენ. “არასახლი” კი პიტერ პენის გავლენაა, რომელიც ახლა ჩანთაში მყავს და ხორნაბუჯზე გავაგრძელებ კითხვას” 

აქ ცოტა კიდევ უნდა წამეჯღაბნა და გამეგრძელებინა: “ახალი სალსის თანხლებით შევუყევი ტყის ბილიკს”.

საქმე ისაა, რომ დღიურები წინასწარ მეწერება გონებაში, ამბების მოხდენამდე. მაგრამ დაგეგმილ თავგადასავალს განა რა გემო აქვს! ზოგჯერ ბედი გამიღემებს და ეს ჩემი მაინც შემოგეგმილი რაღაცები არ გამოდის. ერთ ხანს უსარგებლოდ მეჭირა ხელში ყურსასმენები, შემდეგ კი ჩანთაში ჩავტენე და მეორე დღეს უკანა გზამდე აღარ მომიკითხავს.

(აქ წერა შევწყვიტე, ძილი მომერია და ორი დღის შემდეგ ვაგრძელებ)

მზის ქუდის ყიდვა აქაც ისეთივე რთული ამბავი ყოფილა, როგორც ლაგოდეხში და კეპის მოხდა-გახდით გავუდექი გზას. ჯერ ქალაქში მივდივარ, ჩემთვის უკვე ნაცნობი გზებია ნაცნობი სკოლისკენ და ღრავისკენ რომ მიდის. რატომღაც სიცხე არა, მაგრამ გველებზე ფიქრი ცოტა მაწუხებს. ნუგეშად შუა ასფალტზე ვხვდები ერთერთს, გაჭყლეტილს. პატარა იყო, მთლად ბავშვი, ალბათ ანცობით მოუვიდა, ჭკუა დამჯდარი გველი კი აბა რას მერჩის და გზას შეუპოვრად ვაგრძელებ. 

მერე ძაღლები მახსენდებიან ქალაქიდან გასულს გაურკვეველი მოქმედი თუ უმოქმედო შენობების დანახვისას, ფერმების ასოციაციას რომ იწვევს. ჩემს ძმაზე ვილესავ კბილებს ეს მათი შიში რომ ამკიდა ამ ბოლო დროს ფერმის ძაღლებზე დაუღალავი ქადაგებით. სწორედ ამ დროს ქვემოთ ჩავლილი მანქანა ამობრუნდა უკან და სვლა შეაჩერა.

ვინც მიცნობს, კი მიხვდება, რომ გატაცების არ მეშინია, არც ის მგონია, რომ უცხოები ნაცნობებზე საშიშები არიან, მაგრამ მანქანის გაჩერება-გაყოლები (თუ არ ვდგავარ და რაიმე ტრანსპორტს არ ვნატრობ) ძალიან არ მეკომფორტულება. თუმცა ძაღლებზე ფიქრს უკავია მთელი ადგილი, რაც ჩემს დასიცხულ ტვინში სიცოცხლისუნარიანი ნაწილი დარჩა, ამიტომ ვერ ვიხსენებ, როგორ მძულს მძღოლთან სავალდებულო ლაპარაკი და მადლობები. 

ჰოდა, ასე გავყევი ვინმე თორნიკეს. მაინცდამაინც გმირული საქციელი არაა, მაგრამ მანქანაში მოვკალათდი თუ არა, აზროვნების უნარი დამიბრუნდა და პარალელების გავლება დავიწყე ერთი ქალაქის (სახელს არ დავასახელებ, ორჯერ ვაპატიე და მესამე შანსს ვაძლევ) ხეპრეებთან. ძალიან ვგულშემატკივრობ თორნიკეს, უფრო კი ღრავისფერ ქალაქს და ისიც არ მწყვეტს გულს. განა მუნჯი იყო რა, მაგრამ ტვინი კი არ გაუბურღავს ნამდვილად. დასასრულს, შენ ჩაიწერე ნომერი, თუ დაგჭირდა დახმარებაო (აქვე ვარ მაინცო) და საიდანაც მომიყვანა, იქითკენ გაეშურა.

ღრავისფერმა ქალაქმა სხვა გამოცდებიც ისე ჩააბარა, როგორც გულს გაუხარდებოდა, მაგრამ ახლა ხორნაბუჯზე ვარ, ჩემს არც ისე ძველ, მაგრამ ნაცნობზე…

საპიკნიკე მაგიდასთან ჯდომა ისე გამიტკბა, ვიფიქრე, მოდი, დღიურის იმ დაწერილ ადგილსაც შევცვლი, “პიტერ პენს” რომ ვკითხულობ-მეთქი, მაგრამ ციხეზე დაბერილი ნიავი რომ წარმოვიდგინე, მაშინვე ავიბარგე. თან როგორ ჟღერს: “ხორნაბუჯი –  საუკეთესო ადგილი “პიტერ პენის” დასამთავრებლად!”

აქ ძაღლების არა, მაგრამ გველების შიშმა თავი ცოტა შემახსენა (ჯერ არ ვიცოდი ჯოჯოების ამბავი), ძალიან ფრთხილად ავდივარ, რომ თუ რამე, ხმა გავიგო და გავატარო. ხის ტოტი ამ არამზადის ფორმას ღებულობს, ფოთლების გაშრიალება კი – მის გასრიალების ხმას. თუმცა ვიცი, რომ ჩემი უკანმომბრუნებელი ძალა არ არსებობს. ამ შიშის გამოხტომებს ვიტან, ასაკი თავისას შვრება მაინც, რა ვუყოთ! განა სიკვდილს ვუახლოვდები და მაგიტომ მეშინია? არა, დროსთან ერთად გასაკეთებელი საქმეებიც მატულობს, თან ისეთები, სხვა რომ ვერ იზამს ჩემს მაგივრად და სიცოცხლეც კი, მაგრამ ოცნება-მიზნები უფრო ტკბილია.

ალბათ ამიტომ იყო ციხის ზედა ნაწილში, ცოტა მეტად სახიფათო რომაა, ლამის უკან დავიხიე, მაგრამ თუ ალუბლის ტოტებზე ვეტევი, თუ ღმერთი გწამთ, აქედან რა ეშმაკმა უნდა ჩამომაგდოს?! თან უფრო ჯანზე ვარ წინა სტუმრობასთან შედარებით.

ჯილდო, რომელსაც ამ ერთი ციცქნა გმირობისთვის იღებ, იმხელაა, ფურცელზე ვერ დაწერ (გუგლ დოკში, მით უმეტეს!). უნდა წახვიდე და ისე იგრნობ მხოლოდ. ამიტომ ისევ ჩემს ლაჩრობებზე მოვყვები: ტელეფონს ხმა რომ გამოვურთე, გველების ყურადღება არ მიიქციოს-მეთქი, ეგ ხომ არ მითქვამს? და მერე რომ დარეკა და ვიბრაციამ გული გამიხეთქა? აი, სულ მაღლა რომ ავედი, იქ კიდე წრიპინი შემომესმა. ნეტავ თუ შეიძლება გველის წიწილის ხმა იყოს-მეთქი ვფიქრობდი (წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ხმა აქვს გველის წიწილს, ან თუ აქვს). ხმა, რა გასაკვირია, რომელიღაც ფრინველის ბარტყის აღმოჩნდა, დედას უხმობდა. ამ დედასაც მოვერიდე ცოტა, არ გამიბრაზდეს ჩემი სელფების ჩხაკუნის გამო-მეთქი. აუ, ხო, მანამდე ცოტა ქვემოთ ხედებით ტკბობისას რაღაც დიდი ფრინველები რომ შევნიშნე მაღლა-მაღლა მომფრენავები, ისიც კი დავუშვი, რომ შეიძლებოდა ჩემს წინააღმდეგ აწყობდნენ გეგმას და ამ ქვებში, ჩემი პატარა ჩანთის იმედად ძალიან დაუცველი ვიყავი.

ალბათ ნახევარ საათს ვიქცეოდი (ვფიქრობდი) ასე სამარცხვინოდ, მომდევნო ორიოდე საათს კი პიტერთან და ვენდისთან ერთად არლანდიაზე უშიშრად დავაბიჯებდი.

რა თქმა უნდა, არც “პიტერ პენი” დამისრულებია უცრემლოდ და შთაბეჭდილებებით სავსე (კი, პირველად წავიკითხე), გველებზე ფიქრის გარეშე დავეშვი თავქვე. ქვემოთ ორი ტურისტი გოგო (სურათიც გადამიღეს) და მომწვადავე ვიღაცები იყვნენ. იყავით აქ და უყურეთ ციხეს ქვემოდან-მეთქი, მივაცინე გუნებაში და გზას გამოვუყევი.

ლაგოდეხის ტყეებთან შედარებით დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც კარგია-მეთქი, ვფიქრობდი დაბალხეება ტყეს შუაში ჩაყოლებულ გზაზე მომავალი და ამ დროს შავწინწკლება ყვითელი პეპლების გუნდს გადავაწყდი. ტელეფონს ვტაცე ხელი, სურათები ან ვიდეო რომ გადამეღო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, რამდენიც კადრში მოვახვედრე, იმდენი გაქრნენ. გზადაგზა კიდევ ბევრ ასეთ გუნდს წავაწყდი, იმდენნი იყვნენ, თავი ზღაპარში გეგონებოდათ, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ უჩინარდებოდნენ კადრში მოხვედრისას. ერთი ვიფიქრე, 31 წლის გოგომ რომ გაქაჩოს, ეგეთი არლანდია ხომ არ აღმოვაჩინე-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, ასე დღისით, მზისით ასეთი რამე როგორ მოხდებოდა! ტელეფონიც ჩანთაში ჩავიდე და უბრალოდ პეპლებში შევერიე

ტყეს რომ გამოვცდი, ნაკადულებმა დაიწყეს დენა, ჩემს ტანზე, ცხადია. ჩემი გამყოლებელი არავინ არ არის, მადლობა ღმერთს, უკანა გზა მაინც ჩავიარო ჩემით.

ჩემს უკვე ძმა “ხევსურების წყაროსთან” შევისვენე. წყარო ჰქვია, თორემ რანაირი წყაროა, თქვენ გადაწყვიტეთ: მარტში მსხვილ წვეთებად მოდიოდა, ისე, რომ ტალახიანი ფეხსაცმელების შემორეცხვა მოვახერხე. ახლა ივნისია და საერთოდ მოუმუწავს პირი. მხოლოდ ნავში არის ხევსურების არა და ძროხების წყალი. 

ერთი ქალი ამ ძროხებს მწყემსავს. მე ამ დროს ვერხვის ქვეშ ვზივარ, როგორც ბავშვობაში ზაფხულის პირზე სკოლიდან მომავალი, ფეხსაცმელები (ამ შემთხვევაში ბოტასები) გახდილი მაქვს და ფეხებს ვანიავებ. Როგორც ჩანს, ამ ქალს დიდად არ ვადარდებ, არც სხვებს და მიხარია. ერთი მანქანის შენელების ხმა კი შემომესმა საეჭვოდ. ვზივარ ხელში აფრიალებული ჭრელი წინდებით და მოკლე შორტით (მე თვითონვე რომ არ მეკომფორტულება დიდად, მაგრამ რა ვქნა, მომიხდა ეს ოხერი და ვიყიდე), რომელიც ჯდომისას უფრო მოკლდება  და ვნატრობ, დარჩეს ღრავისფერი ქალაქი კომფორტულ ქალაქად. და არის! მანქანა შემობრუნდა და საითკენღაც აიღო გეზი.

ისევ ნაცნობი გზები (ცოტა კი ამებნა), გზად შაურმა და სასტუმროში მითრეული დასიცხული სხეული. შხაპისა და ყავის შემდეგ ფენიქსივით აღვსდექი და ღამის დედოფლისწყაროსკენ გავეშურე.

დედოფლისწყარო ღამით ზომიერად განთებული ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ლამპიონებიც და თან არ არის ლამპიონები. იქაც, სადაც ლამპიონების ყოფნა აუცილებელია, ციცინათელებივით მორიდებულად ანათებენ, აი, იმ პარკებში კი, სადაც ეს შესაძლებელია, საერთოდ არ არიან. ანდა რატომ უნდა იყვნენ, მიდი და იარე სიბნელეში, შენი ხმის გამცემი არავინაა, თუ გინდა ლამბადა იცეკვე (კიი, ვცადე და იმიტომ ვამობობ. აი, მომოიტყუებია წეღან, რომ ვამბობდი, მეორე დღემდე აღარ ამომიღია ყურსასმენები-მეთქი).

მორჩა, ახლა უკვე გადაწყვეტით მიყვარს ღრავისფერი ქალაქი და მინდა, არხილოსკალოს სკოლისკენ მიმავალმაც შევძლო აქ შეჩერება და ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მოვიდე…

26-28 ივნისი, 2021. ღრავისფერი ქალაქი