აგვისტო, 2021

ვარკეთილიდან კოვიდ სასტუმროში რომ მივყავდი უცნობ მძღოლს, თეთრას რომ მიაგელვებდა, სვანეთის ბაზრობას ჩავცდი თუ არა, ერთი ფრაზა ამეკვიატა: “კოვიდი, როგორც ახალი გამოცდილება… კოვიდი, როგორც ახალი გამოცდილება…”

არ ყოფილა უაზრო ფრაზა, ძალიან ბევრი ახალი რამე გავიგე…

მაგალითად: სულ მეგონა, რომ ანალიზებისა და კვლევების მიზანი არის ჯამრთელობის მდგომარეობის გაგება. თურმე არა ყოველთვის!

5 დღის წინ წაგვიყვანეს კვლევებზე. კარგად გვასეირნეს, სხვათა შორის, იისფერფარდებიანი ავტობუსით. მერე სუფთა ჰაერიც ბლომად გვასუნთქეს ეზოში… მერე ნანატრი ვენაში ჩხვლეტა, “კატეს” მხიარულება… მოკლედ, სხვების არ ვიცი და, მე პირადად კაი დრო ვატარე.

ამ 5 დღის განმავლობაში დღეში მინიმუმ 5-ჯერ მეკითხება დედა, პასუხები თუ მომივიდა და უკვე თვითონვე პასუხობს: “არა”. მასაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ კვლევები პასუხის გარეშე აზრს მოკლებულია.

რადგან ხვალ კოვიდ სასტუმროს ვტოვებ, გადავწყვიტე (გადამაწყვეტინეს), აქაურ ექიმებს დავურეკო.

როგორც ხდება ხოლმე: ტანსაცმელი ჩავიცვი, ფანჯარა მივხურე (ხმაური შემოდის) და საწოლზე კოხტად მოვკალათდი. სოლიდური წინდების ჩაცმას აზრი არ აქვს, უკვე ვიცი. სამაგიეროდ ისიც ვიცი, რომ მოპირდაპირე ოთახიდან შესაძლოა ლამაზმა ექიმმა მიპასუხოს.

ლამაზ ექიმს ჰაბიტუსით და თმით კი, მაგრამ ხმით ვერ ვცნობ. მაგრამ თუდაც ის ჩემსავით გალეული ექიმი იყოს, სასიამოვნო ხმა კი აქვს, მეზობელი ოთახიდან რომ მეუბნება, ანალიზების პასუხი არ იქნებაო და იღიმის (ნაღდად იღიმის, უფრო თბილი ხმა უხდება). რამდენიმე ურთიერთშემავსებელი სავიშვიშო ფრაზა გავცვალეთ “ვაიმე-ვუიმეს” გარეშე, მაგრამ მაგ კონტექსტით. გუშინ გაუწერიათ ვიღაცები პასუხების გარეშე.

“500 კაცი გვყავს დასარეგისტრირებული და სად გვცალია ხუთი დღის წინანდელი პასუხების გასაგზავნადო” – ასე უთქვამთ. ცხელი ხაზის ნომერს გეტყვით და დარეკეთ თუ გნებავთ, მაგრამ არც თქვენ გეტყვიან პასუხსო.

ლამაზი ან სხვა ექიმი ჩემი კოვიდ პაციენტობის დღეებს ითვლის და ხვალ 6 საათის მერე გაშვებას მაცნობებს.

აუჰ, ამ საუბრის მერე ცხელ ხაზზე დარეკვა მეძნელება, მაგრამ მაინც ვკრეფ ნომერს.

ორბელიანი რომ ალოდინეს ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, ასე ველოდე და “შემიშვეს”. მაგრამ ჯერ გარე კარისკაცებთან მოვხვედრილვარ და რეგისტრატურაში გადამრთეს. აქ ისევ ორბელიანის ნაცნობი როლი მოვირგე ცოტა ხანს და ჰოპ! ზარის დასასრული…

ხვალ 6-დან თავისუფალი ვარ. მაქვს უამრავი სავარაუდო და ზოგიც, წყალი რომ არ გაუვა, ეგეთი გეგმა. აი, ჩემს ორგანიზმს რა და როგორ ეგეგმება, არ ვიცი, პასუხები არ ალი…

4 აგვისტო, 2021. დღეს რა მნიშვნელობა აქვს. კოვიდ სასტუმრო, თბილისი, ისანი

მორიგი გზამკვლევის კითხვა დავასრულე, ჩემი ნივთები ზურგჩათაში ჩავაბარგე და მე და ბიბი სიგრილეს წავუტკბით – სახლში წასვლამდე ტრასისკენ დავეშვით.

ღამის ამ მონაკვეთში, ასე თერთმეტისკენ, ეს გზა (განსაკუთრებით შუქნიშნის იქით) მისტიკურად ცარიელი და ჩუმია. ახალგარემონტებული ფერადი საბავშვო ბაღი თავისი ჯუჯა ლამპიონებით სიმყუდროვეს მატებს. რაც უფრო შორს მიდიხარ, მით უფრო მკრთალდება დუმდება…

იმ ადგილას, სადაც მოტრიალება მაქვს გადაწყვეტილი, ნიავმა უფრო მონდომებით დაუბერა და ყვითელი (დიახ, ყვითელი) ფოთლები ააფრიალა. „ორი თვე… დაახლოებით“, – შემოდგომის მოახლოებაზე ვფიქრობ და ვგრძნობ, მის მოლოდინში ნამდვილად გავუძლებ აგვისტოს და ცოტა მეტსაც.

უკან რომ ვბრუნდები, ორი გზა მაქვს: ჩვეულებრივ ტრასას გავუყვე და მარჯვნივ ავუხვიო ან ჩემი ახალი სამეცადინო/სამუშაო ადგილისკენ ავიდე ჯერ, ტრასის პარალელურად განვაგრძო გზა და ბოლოს დაღმართით დავეშვა სახლისკენ.

მართალია კოვიდის მერე მალე ვიღლები და ვიცი, ეს მოკლე აღმართიც ბევრ ჯაფას მოითხოვს, მაგრამ მაინც ვერ ვამბობ უარს მწვანედ განათებული პალმების ქუჩაზე და დაღმართით დასასრულზე.

ამ დროს წინწკვლამ მოუმატა. ახლა სახლში დაბრუნება დიდი ტკივილია, მაგრამ დაგეგმილი მაქვს, ცოტა კიდევ წავიკითხო დაძინებამდე. სატერფულებს საერთოდ არ ვატრიალებ, მუხრუჭებსაც მაქსიმალურად ვუჭერ, რომ წვიმაში სეირნობა გავიხანგრძლივო.

სახლს ჩავცდი… მაღაზიის დანახვაზე გულს მომეფონა, რამდენიმე დღეა ჩირი მინდა, უკანა გზაზე ვიყიდი და ეგეც კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სახლში მისვლა არ ღირდა.

წვიმამ ნელ-ნელა გადაიღო… მაგრამ გონებაში უკვე ამ დღიურს „ვწერ“. თან იმაზე ვფიქრობ, რომ ახლა ამის დრო არაა. მაინც ვწერ. და უკვე ვიცი, რომ სახლში დაბრუნებისას ვორდის დოკუმენტს გავხსნი. რა მნიშვნელობა აქვს ასეთი, მაღალ ქულას მივიღებ გამოცდაში თუ უმაღლესთან მიახლოებულს, მაინც არაფერში მარგია დიდად ამ გამოცდის შედეგი, ცნობისმოყვარეობის გამო გავდივარ უფრო. აღარ მოვიდა დრო, რომ გინდ სხვებისთვის და გინდ საკუთარი თავისთვის იმის მტკიცებას მოვრჩე, თუ როგორი ყოჩაღი ვარ?! ეს ხომ ისედაც ასეა და ქულები არაფერს წყვეტს. ანდა რატომ არის გზამკვლევების კითხვა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარ განცდებზე ფიქრი და წერა? ან არის კი ამ ორიდან რომელიმე უფრო მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი?

მთელი გზა არ დამიხველებია. გუშინდელი სეირნობისას ბევრი ვახველე. ალბათ უფრო უკეთ ვარ და მალე გამივლის ხველაც. თუმცა გუშინ თანამგზავრი გვყავდა მე და ბიბის და ვლაპარაკობდი, შეიძლება უფრო მაგიტომ მახველებდა. უჰ, ასეთ წვრილმანებთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთებასაც რამდენი რამის გათვალისწინება სჭირდება! ადამიანები კი როგორ მარტივად აკეთებენ დასკვნებს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან საკითებზე, ყველას რომ ეხება, ისეთებზე!

ამასობაში ხიდს მივუახლოვდი, მაწიმის ხიდი რომ ერქვა აქამდე. დღეიდან ორი ხედის ხიდი ერქმევა, ჩემთვის.

სანამ აქ მიხვალ, დასახლება წყდება და ფიჭვების ხეივანით თავქვე ეშვები. ხიდს იქითაც ხეივანი და დაღმართია ისევ. მოგრძო ხიდის ქვეშ მდინარე მირიხინებს ქვიან ხევში. ღამის სიბნელეში მოაჯირები თეთრად კაშკაშებს. თუ ველოსიპედით სიარულისას თვალს მისკენ გააპარებ, ვერტიკალური თეთრი სვეტების მონაცვლეობა ლამაზ სანახაობად იქცევა და აუცილებლად გაღიმებს.

ხიდის ერთ ნაპირს თუ მიადგები, ტყით შეფენილი მთები ჩანს, მეორე ნაპირიდან ვაკე მინდვრები. სულ პირველად მთებისკენ ვიხედებოდი ხოლმე, მაგრამ მერე და მერე მეორე მხარე ამოვიჩემე. ხომ როგორ მიყვარს მთები და ტყეები, მაგრამ სრულ სილაღეს და სიმშვიდეს გაშლილი სივრცე მანიჭებს მაინც.

უკან აღმართი გვაქვს გასავლელი. ერთხანს ვერ ვგრძნობ, რადგან ნიავს ყვითელი ფოთლები მოუატანია ხეივნის ნაპირებში. შემდეგ თანდათან ცხელა, მაგრამ „შატალოს“ მაინც არ ვნანობ.

დღეს ბეჭებიც ნაკლებად მეწვის.

ჩირს ვყიდულობ.

დღეს ბევრი ვინმე შემხვდა ველოსიპედით, სხვადასხვა ასაკის. ზოგჯერ როგორ მარტივად შეგიძლია იქცე უცხო ადამიანის ბედნიერების მიზეზად. ნეტა ჩემი და ბიბის დანახვაც თუ უხარიათ სხვებს?

……………………………

ახლა კაცმა არ იცის, ვწევარ თუ ვზივარ საწოლში, ამას ვწერ და მეძინება. საწოლი ისე ამოვაჩოჩე, რომ ნაწილობრივ მაინც ვიწვე ორპირში – ფანჯარასა და კარს შუა. ისე გამოვიდა, რომ ოთახში როგორც შედიხარ, ეგრევე საწოლია, გვერდი უნდა აუარო.

ცხელა მაინც. სულ აღარ მოძრაობს ნიავი.

დავიძინებ და ამას მერე ავტვირთავ საიტზე. ხვალ სამსახურში ვბრუნდები 19 დღის შემდეგ. თან მართლა მეძინება.

9 აგვისტო, 2021. ორშაბათი. ლაგოდეხი